ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მიკიტა პოტურაევი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ უფლებები თავისუფლად გამოიყენონ
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მიკიტა პოტურაევი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს და ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ უფლებები თავისუფლად გამოიყენონ.
პოტურაევი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს მოვლენები სერიოზულ კითხვებს აჩენს პოლიტიკური პლურალიზმის, დემოკრატიული კონკურენციისა და ძირითადი თავისუფლებების კუთხით.
„პოლიტიკური პარტიების აკრძალვა გამონაკლისი ზომაა, რომელიც მხოლოდ ყველაზე მკაცრი პირობებით შეიძლება იყოს გამართლებული. პოლიტიკური განსხვავებები უნდა გადაიჭრას დემოკრატიული ინსტიტუტების, დიალოგისა და არჩევნების გზით და არა პოლიტიკური ოპონენტების საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გამორიცხვით“, – აღნიშნა პოტურაევმა.
მისი განმარტებით, ის პატივს სცემს საქართველოს კონსტიტუციურ პროცესებსა და სასამართლოს დამოუკიდებლობას, თუმცა პარტიებზე დაწესებული შეზღუდვები უნდა აკმაყოფილებდეს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის უმაღლეს სტანდარტებს.
პოტურაევის განცხადებით, 2026 წლის ივლისში მიღებულ ჰააგის დეკლარაციაში ასამბლეამ უკვე გამოხატა შეშფოთება მსხვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებზე, კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა პოლიტიკური პლურალიზმისა და ინკლუზიური დემოკრატიული პროცესებისადმი და ქართულ ხელისუფლებას პოლიტიკურად მოტივირებული დევნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
ასამბლეის პრეზიდენტის თქმით, საქართველო, ისევე როგორც ეუთო-ს ყველა მონაწილე სახელმწიფო, ვალდებულია, დაიცვას დემოკრატია, ძირითადი თავისუფლებები, კანონის უზენაესობა და პოლიტიკური პლურალიზმი.
„ეს ვალდებულებები უნდა იყოს დაცული და შესრულებული გამონაკლისის გარეშე“, – ამბობს პოტურაევი.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2026 წლის მარტში ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია თბილისს ეწვია, შეხვდა ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. დელეგაციამ დაკავებული დემონსტრანტების საკითხიც წამოჭრა და ჰუმანიტარული და ნდობის განმტკიცების ღონისძიების სახით მოითხოვა იმ პირთა გათავისუფლება, რომლებმაც სასჯელის ნახევარზე მეტი უკვე მოიხადეს.
ცოტა ხნის წინ კი, ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ლუის გრასამ ქართულ ხელისუფლებას წერილი გაუგზავნა, სადაც დემოკრატიული ოპოზიციის პატივისცემისა და რეალური საარჩევნო ალტერნატივების შენარჩუნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
პოტურაევი ქართულ ხელისუფლებას მოუწოდებს, განახორციელოს ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები და განიხილოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც. მისი თქმით, ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, შექმნას გარემო, სადაც პოლიტიკური კონკურენცია თავისუფლად წარიმართება.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებასა და ყველა პოლიტიკურ აქტორს, ჩაერთონ შინაარსიან დიალოგში, თავი შეიკავონ ძალადობისა და ვითარების გამამწვავებელი რიტორიკისგან.
„2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) რეკომენდაციები კონკრეტულ საფუძველს იძლევა ნდობის აღდგენისა და დემოკრატიული რეფორმების გასატარებლად. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, მათ შორის სამხრეთ კავკასიის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით, მზადაა, ჩაერთოს ყველა შესაბამის მხარესთან და მხარი დაუჭიროს საპარლამენტო დიალოგს, ნდობის აღდგენისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების პრაქტიკულ ნაბიჯებს. პოლიტიკური პლურალიზმი, ძირითადი თავისუფლებების პატივისცემა და შინაარსიანი დიალოგი საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის შეუცვლელია. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მტკიცედ რჩება ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერის ერთგული და ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი“, – აცხადებს პოტურაევი.
ამასთან, ინტერნეტგამოცემების ცნობით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, პოტურაევი, რომელიც რადას ჰუმანიტარული და საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტს ხელმძღვანელობდა, აცხადებდა, რომ „რუსეთის მომხრე პოლიტიკოსებთან და მედიასთან დაკავშირებულ პირებთან მიმართებით ლუსტრაციაა საჭირო“.
„ეს ევროპულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება, თუმცა ვფიქრობ, უნდა დაისვას სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის საკითხი, ხმის მიცემისა და არჩევნებში კენჭისყრის უფლების აკრძალვის ჩათვლით. ეს მკაცრი შეზღუდვაა და ცხადია, ჩვენს ევროპელ და არა მხოლოდ ევროპელ მეგობრებს მხრიდან კრიტიკას აუცილებლად წავაწყდებით, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ დისკუსიის დაწყებაც საჭიროა და მისი თავიდან არიდება არ ღირს“, – ამბობდა პოტურაევი.
მოგვიანებით, როდესაც უკრაინაში რუსეთის მომხრე პარტიები სასამართლოებმა აკრძალა, პოტურაევი ხელს აწერდა კანონპროექტს, რომელიც აკრძალული პარტიების ყოფილ წევრებს არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავდა.
„რუსეთის მომხრე პარტიები სასამართლომ უკვე საბოლოოდ აკრძალა, ამიტომ აქ ავტომატურად გადავდივართ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე და 80-90-იანი წლების სოციალისტური ბლოკის ქვეყნების ლუსტრაციის პრაქტიკაზე. იქაც სასამართლოები კრძალავდნენ პარტიებს, შემდეგ კი პარლამენტები შესაბამის კანონებს იღებდნენ. სწორედ ამიტომ ცნო სტრასბურგმა ეს გადაწყვეტილებები მართლზომიერად. არსებობს საფუძველი, რომ უკრაინასთან მიმართებითაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იგივე გადაწყვეტილებებს გამოიტანს, თუ სარჩელები იქნება“, – აღნიშნავდა პოტურაევი.