ეუთო-ს ასამბლეის კომიტეტის თავმჯდომარე - ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, დაშინებასა და ძალადობაზე ნებისმიერი ცნობა შეშფოთებით განიხილება
ეუთო-ს ასამბლეის კომიტეტის თავმჯდომარე - ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, დაშინებასა და ძალადობაზე ნებისმიერი ცნობა შეშფოთებით განიხილება

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ლუსი პოტუჩკოვა თბილისში მიმდინარე პროტესტების ფონზე ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მოწოდებით გამოდის.

„ჩვენი ასამბლეის წევრები ყურადღებით ადევნებდნენ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, დაშინებისა და ძალადობის შესახებ ნებისმიერი ცნობა შეშფოთებით განიხილება. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება ეუთო-ს ყველა წევრისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მთავარი ვალდებულებაა, რათა უზრუნველყოფილი იყო დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ყველა პრინციპის დაცვა. ჩვენი ასამბლეა ყოველთვის ერთგული იყო ამ ძირითადი უფლებების დაცვისა და იმ ღირებულებების შენარჩუნების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებებს“, – განაცხადა პოტუჩკოვამ.

პოტიჩკოვამ ასევე აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სექტორის მუშაობა აუცილებელია მთავრობების ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ღირებულებების წინსვლისთვის. მისი თქმით, ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად და დამოუკიდებლად ფუნქციონირების სივრცეზე, შემაშფოთებელია და საჭიროებს გულდასმით შემოწმებას, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებისა და ექსპერტების მხრიდან.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა რომ ზომები, რომლებიც მიმართულია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებისკენ, უნდა იყოს დაბალანსებული სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლობისა და ავტონომიის დაცვის საჭიროებასთან.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, გასულ კვირას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას, სამხრეთ კავკასიის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელს, კარი ჰენრიქსენს და გენერალურ მდივანს, რობერტო მონტელას ონლაინშეხვედრა ჰქონდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან კანონპროექტის განსახილველად.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა კვლავ მზად არის, მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს საქართველოს მის ძალისხმევაში, გააძლიეროს დემოკრატიული მმართველობა და ადამიანის უფლებების დაცვა.