ეუთო-ს ქვეყნებმა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების მობილიზაცია დაგმეს
უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების მობილიზაცია ეუთო-ს ქვეყნებმა დაგმეს და სამხედროების რაოდენობის ზრდის გამო შეშფოთება გამოთქვეს.
უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველომ, პოლონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და თურქეთმა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ შეხვედრის ორგანიზება მოახდინა, სადაც რუსეთს სთხოვეს, განემარტა თავისი ქმედებები. მოსკოვმა მონაწილეობაზე უარი თქვა.
ბრიტანეთმა მოითხოვა „მეტი გამჭვირვალობა“ რუსეთის არმიის ქმედებებთან დაკავშირებით და გამოხატა შეშფოთება მოსკოვის გადაწყვეტილების შესახებ, რომ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო. კანადამ რუსეთს მიმართა, როდის გეგმავს სამხედრო აქტივობის დასრულებას და როდის დაბრუნდებიან ჯარები თავიანთი მუდმივი განლაგების ადგილებში. გერმანიამ და საფრანგეთმა ასევე გააკრიტიკეს რუსეთის რეაგირება ჯარების მოძრაობაზე. შვეიცარიამ მადლობა გადაუხადა უკრაინას შეხვედრის ინიცირების გადაწყვეტილებისთვის და თქვა, რომ იგი „ყურადღებით ადევნებს თვალყურს მოვლენების განვითარებას“.