ეუთო-ს გენერალური მდივანი ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრას დაესწრო
ეუთო-ს გენერალური მდივანი ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრას დაესწრო

ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფმა კონკრეტული წვლილი შეიტანა უსაფრთხოებისთვის და სტაბილურობისთვის, – ამის შესახებ ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ჰელგა მარია შმიდმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც ერგნეთში დღევანდელ შეხვედრას დაესწრო.

ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა გაიხსენა, როგორ იღებდა პირველად მონაწილეობას ფორმატის შექმნაში 12 წლის წინ.

„ბედნიერი ვიყავი, ეუთო-ს სახელით მივსალმებოდი ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მე-100 შეხვედრის მონაწილეებს. ძალიან კარგად მახსოვს პირველი შეხვედრა, რომელიც 12 წლის წინ გაიმართა. ეს იყო ევროკავშირის მხრიდან და ვამაყობ, რომ ვმონაწილეობდი ამ მნიშვნელოვანი ფორმატის შექმნაში. მე აღარ ვმუშაობ ევროკავშირში, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ დღეს ჩემი კოლეგაა წარმოდგენილი ევროკავშირიდან. მას შემდგომ ევროკავშირი და ეუთო ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფმა ძალიან კონკრეტული წვლილი შეიტანა უსაფრთხოებისთვის და სტაბილურობისთვის“, – განაცხადა ჰელგა მარია შმიდმა.

მისივე თქმით, ეუთო მსოფლიოში არის უსაფრთხოების ყველაზე დიდი რეგიონული ორგანიზაცია.

„ჩვენ ვმუშაობთ ხალხის კეთილდღეობისთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იმ სირთულეების შესამსუბუქებლად, რომელიც აქვთ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას. ეს არის კონკრეტული, ყოველდღიური და უსაფრთხოების საკითხები. ეს არის მნიშვნელოვანი საფუძველი ჟენევის დისკუსიებისთვის. აღვნიშნავ იმასაც, რომ მე კარგად ვიცი აღნიშნული საკითხების შესახებ. მაგალითისთვის ვიტყვი გახელაძის საკითხს, რომელზე საუბარიც იყო დღევანდელ შეხვედრაზე“, – განაცხადა ჰელგა მარია შმიდმა.

ამასთან, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრას ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ერთად დაესწრო ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის დირექტორი იოანეკე ბალფურტი.

„ევროკავშირი ისევე, როგორც ეუთო, მონდომებულია უსაფრთხოებისთვის და მედიაციისთვის კონკრეტული გადაწყვეტილებების მოსაძებნად. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვესწრებოდი მე-100 შეხვედრას. მინდა, მადლობა გადავუხადო ფორმატის ყველა მონაწილეს მათი მონდომებისთვის, რომ გამონახოს პრაქტიკული გადაწყვეტილებები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის. ევროკავშირი ასევე წარმოდგენილია ძალიან მნიშვნელოვანი, სადამკვირვებლო მისიით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იქნება აქ, რათა წარმოაჩინოს ჩვენი მონდომება და მხარდაჭერა.“, – განაცხადა ბალფურტმა.