ეუთო რუსეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს ვერ გაგზავნის
ეუთო რუსეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს ვერ გაგზავნის

ეუთო რუსეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს ვერ გაგზავნის ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო. ამის შესახებ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ჩავატარებთ რუსეთში დაგეგმილი არჩევნების მონიტორინგს. არჩევნებზე ეფექტიანი და სანდო მონიტორინგისთვის დამკვირვებლების რაოდენობის დამოუკიდებლად განსაზღვრის შესაძლებლობა არის არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების საკვანძო ელემენტი. სამწუხაროდ, რუსეთის ხელისუფლება ითხოვდა ჩვენს მიერ დამკვირვებლების რაოდენობის შეზღუდვას პანდემიასთან დაკავშირებული რამე მკაფიო რეგულაციების არარსებობის ფონზე, რის შედეგადაც ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება გარდაუვალი გახდა“, – განაცხადა ოდირის დირექტორმა, მატეო მეკაჩიმ.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ეუთო-მ აცნობა რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ეუთო-ში რუსეთის წარმომადგენლებს. ეუთო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა მარგარეტა სედერფელტმა კი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელს.

ეუთო/ოდირი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მიწვეული იყვნენ რუსეთში 17-19 სექტებერს დაგეგმილი სახელმწიფო დუმის წევრების არჩევნებზე, თუმცა რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული ინსტიტუტებიდან დამკვირვებლების რაოდენობა 50 და 10 დამკვირვებლით შეზღუდა. რუსეთის ხელისუფლება მონიტორინგის მისიების წევრების რაოდენობაზე შეზღუდვებს ქვეყანაში არსებული სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით ხსნის.