ეუთო/ოდირი - უცხოური ჩარევითა და ხმების მოსყიდვის სქემებით წარმოქმნილი გამოწვევები კვლავ არსებობდა მოლდოვის არჩევნების მეორე ტურშიც, ხმის მიცემის ფარულობა ყოველთვის არ იყო უზრუნველყოფილი
ეუთო/ოდირმა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა ეფექტურად და პროფესიონალურად, კანდიდატებს შეეძლოთ, თავისუფლად ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია, თუმცა მშვიდი ათდღიანი კამპანია გამოირჩეოდა უარყოფითი რიტორიკის ზრდით ორივე კანდიდატის მიმართ.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოქმედი პრეზიდენტი კვლავ სარგებლობდა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებით, თუმცა მნიშვნელოვნად ნაკლებად, ვიდრე პირველ ტურში, ისევე, როგორც მედიის მხრიდან დაუბალანსებელი გაშუქებით. დასკვნის თანახმად, ეს არ აძლევდა თანაბარ შესაძლებლობებს ორივე კანდიდატს.
„უცხოური ჩარევითა და ხმების მოსყიდვის სქემებით წარმოქმნილი გამოწვევები კვლავ არსებობდა მეორე ტურშიც“, – ნათქვამია დასკვნაში.
ამასთან, დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ დაკვირვების ქვეშ მყოფი საარჩევნო უბნების შვიდ პროცენტში ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა თვალთვალის ფაქტებს, რაც, მათი თქმით, შემაშფოთებელია.
„ხმის მიცემის ფარულობა ყოველთვის არ იყო უზრუნველყოფილი. ძირითადად, საარჩევნო უბნებისა და ვიდეოკამერების განლაგების გამო“, – ნათქვამია დასკვნაში.