ეუთო - ბელარუსში ჩატარებული არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა
ეუთო - ბელარუსში ჩატარებული არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა

ეუთო-ს შეფასებით, ბელარუსში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა.

„ძირითადი თავისუფლებები არ იყო დაცული, ხოლო საარჩევნო პროცესის ობიექტურობა არ იყო სათანადოდ გარანტირებული“, – ასეთია ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის შეფასება.

ეუთო-ს სპეციალური კოორდინატორის, მარგარეტ სედერფელდის განცხადებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში გაიმართა, მაგრამ არ აკმაყოფილებდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს.

მისივე თქმით, თვითგამოხატვისა და შეკრების უფლება უგულებელყოფილი იყო. ამასთან, იმ კანდიდატების დიდ რაოდენობას, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობა სურდათ, ამის უფლება არ მისცეს.

„ქვეყანაში, სადაც პარლამენტის უფლებამოსილება და დამოუკიდებლობა შეზღუდულია, ხოლო ამომრჩეველთა და კანდიდატების ძირითადი უფლებები შელახული, არსებობს საფრთხე, რომ საპარლამენტო არჩევნები ფორმალობად იქცეს“, – განაცხადა სედერფელდმა.

დამკვირვებლების შეფასებით, ბელარუსში მოქმედი „საკანონმდებლო ბაზა არ იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გარანტიას, ხოლო კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა აქტივობა ხელოვნურად იყო გაზრდილი“.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები 17 ნოემბერს გაიმართა. შედეგად, პარლამენტში არც ერთი ოპოზიციონერი არ მოხვდა. ცესკო-ს მონაცემებით, აქტივობამ 77,22 პროცენტი შეადგინა.