ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების ერთი დღე ჯარში
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების ერთი დღე ჯარში

ნატო-ს კვირეულის ფარგლებში, სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და ქუთაისის III ქვეით ბრიგადაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის ღონისძიება „ერთი დღე ჯარში“ გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა ლიცეუმის, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიიღეს. მოსწავლეებს ლექციები კაპიტანმა შალვა მეგრელიშვილმა და კადეტებმა სალომე დავითულიანმა და დაჩი ბოგვერაძემ წაუკითხეს.

შეხვედრა ლიცეუმში სასწავლო და სიმულაციური ცენტრების, სპორტდარბაზის დათვალიერებით გაგრძელდა.

ღონისძიების დასასრულს მუხრანის ტყის ტერიტორიაზე ორიენტირებით სირბილში შეჯიბრი გაიმართა. შესაბამისი ინსტრუქტაჟის ჩატარების შემდეგ, ბავშვებს საწყისი წერტილიდან ფინიშამდე მუხრანის ტყეში განლაგებული საკონტროლო პუნქტები კომპასისა და რუკის საშუალებით უნდა მოეძებნათ.

ნატო-ს კვირეული საქართველოში მე-11 ტარდება. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ “ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის” ორგანიზებით გაიმართა.