ეთერ სვიანაიძე საჯარო სამსახურში 57-წლიანი საქმიანობისთვის დააჯილდოეს
ეთერ სვიანაიძე საჯარო სამსახურში 57-წლიანი საქმიანობისთვის დააჯილდოეს

საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი, ეთერ სვიანაიძე საჯარო სამსახურში 57-წლიანი საქმიანობისთვის დააჯილდოეს. საჯარო სამსახურის ბიუროს საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე საჯარო სამსახურში დასაქმებული ღვაწლმოსილი თანამშრომლები საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა, ეკატერინე ქარდავამ დააჯილდოვა.

ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიესალმა და პროფესიული საჯარო მოხელის დღის დაწესების ინიციატივით გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ დაფასებულნი უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მრავალი წელია, ქვეყნისა და ხალხის სამსახურში დგანან.

„ინიციატივა გულისხმობს, რომ დავაწესოთ პროფესიული საჯარო მოხელის დღე. უნდა დავაფასოთ ღვაწლმოსილი ადამიანები, რომლებიც მრავალი წელია, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სამსახურში დგანან და მაღალი პროფესიონალიზმით, პატრიოტიზმითა და გამორჩეული დარგობრივი ცოდნით, თავიანთ აგურს დებენ ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენებაში. ჩემი მიზანია, პროფესიული საჯარო მოხელე, როგორც ინსტიტუტი, დაფასებული და მიმზიდველი გახდეს ჩვენს ქვეყანაში, რადგან სწორედ მოხელეთა ცოდნა, პროფესიონალიზმი და კარიერული ზრდით მოპოვებული გამოცდილება სჭირდება იმ მნიშვნელოვანი დარგობრივი რეფორმების განხორციელებას, რომელსაც ჩვენი მთავრობა გეგმავს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ღონისძიება გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ბრიტანეთის, შვედეთისა და დანიის მთავრობების ხელშეწყობით გაიმართა.