ესტონეთში წელს ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა იმატა

18:19, 24.07.2026
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის დახმარება ხელმისაწვდომია როგორც სატელეფონო ხაზით, ისე ინტერნეტის საშუალებით

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის დახმარება ხელმისაწვდომია როგორც სატელეფონო ხაზით, ისე ინტერნეტის საშუალებით

ესტონეთის პოლიციის ინფორმაციით, წელს ქვეყანაში ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა მოიმატა. თუმცა, სამართალდამცველების შეფასებით, ეს შესაძლოა იმითაც იყოს განპირობებული, რომ ძალადობის მსხვერპლნი დახმარების თხოვნას აღარ ერიდებიან და პოლიციას საშველად სულ უფრო ხშირად მიმართავენ.

 

პოლიციის ცნობით, ოჯახში ძალადობის შემთხვევები ყველაზე ხშირად დღესასწაულების პერიოდსა და უქმე დღეებში ფიქსირდება, როდესაც ადამიანები სახლში მეტ დროს ატარებენ და, როგორც წესი, ალკოჰოლსაც მეტი რაოდენობით მოიხმარენ.

გასულ წელს ესტონეთში ოჯახში ძალადობას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„სამწუხაროდ, ოჯახში ძალადობა პოლიციის ყოველდღიური მუშაობის განუყოფელი ნაწილია,“ – ამბობს პოლიციისა და სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტის (PPA) განვითარების საკითხების ექსპერტი, მარტინ კრეიტსმანი.

მისი თქმით, ბოლო წლებში ოჯახში ძალადობის შემთხვევების რაოდენობა მცირედით იყო შემცირებული, თუმცა 2026 წლის პირველ ნახევარში კვლავ ზრდა დაფიქსირდა.

„ეს, შესაძლოა, თავისთავად, უარყოფითი მაჩვენებელი არც იყოს და ნიშნავდეს, რომ ადამიანებს დახმარებაზე ხელი მეტად მიუწვდებათ და ძალადობის შესახებ უფრო ხშირად გვატყობინებენ“, – დასძინა კრეიტსმანმა.

დაზარალებულები დახმარებას ხშირად მეგობრის სახელით ითხოვენ

მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის გამოძახებების რაოდენობა გაიზარდა, ესტონეთის „მსხვერპლთა დახმარების სამსახურში“ (Ohvriabi) მიმართვების რაოდენობა თითქმის უცვლელი დარჩა.

სამსახურის თანამშრომელმა, სიიმ შვედემ აღნიშნა, რომ ადამიანები ხშირად რეკავენ საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად და რჩევის მისაღებად, თუ როგორ დაეხმარონ პარტნიორს ან ახლობელს, ასევე საკუთარი შეშფოთების გასახმოვანებლად.

„შეტყობინებების უმეტესობა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას ეხება,“ – განაცხადა მან.

„მსხვერპლთა დახმარების სამსახური“ (Ohvriabi) ბენეფიციარებს მომსახურებას ესტონურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე სთავაზობს / ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ERR – Eesti Rahvusringhääling) ფოტო

შვედეს თქმით, ბევრ ადამიანს დახმარების პირდაპირ თხოვნა უჭირს, ამიტომ ვითარებას ისე აღწერს, თითქოს პრობლემა მეგობარს აწუხებს.

პოლიციის სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა 76% მამაკაცია, ხოლო დაზარალებულები, უმეტეს შემთხვევაში, ქალები არიან.

ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინებები, ყველაზე ხშირად, თავად დაზარალებულებისგან შედის, თუმცა პოლიციას ასევე მიმართავენ მისი მეზობლები, შემთხვევის თვითმხილველები და ბავშვებიც კი.

კრეიტსმანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოჯახური ძალადობის პირობებში მცხოვრები ბავშვები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან, რადგან მაშინაც კი, თუ თავად არ წარმოადგენენ ძალადობის პირდაპირ მსხვერპლს, მათზე გავლენას ახდენს ის ფაქტი, რომ ძალადობა მისი ოჯახის წევრზე ხდება.

მისივე თქმით, ოჯახში შექმნილ ძალადობრივ გარემოში გაზრდამ, შესაძლოა, ბავშვის მომავალზეც იქონიოს გავლენა და გაზარდოს იმის რისკი, რომ მომავალში თავად გახდეს ძალადობის მსხვერპლი ან მოძალადე.

პოლიციის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა ჰარიუმაას მაზრაში (Harju County) ფიქსირდება, რომლის ტერიტორიაზეც დედაქალაქი ტალინი მდებარეობს.

 

სტატიის ავტორი: ანე რაისტე,ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR – Eesti Rahvusringhääling)

ფოტოს ავტორი: იურა ფრეში, ფოტოების ონლაინ პლატფორმა Unsplash-ი

 თავდაპირველად გამოქვეყნდა: 24 ივლისი, 2026 წელი, 12:17 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი