ესტონეთში რუსული სურსათის იმპორტი გრძელდება
სუპერმარკეტი ესტონეთში (საილუსტრაციო ფოტო)
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მოსკოვსა და ტალინს შორის სავაჭრო ურთიერთობები მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა საკვები პროდუქტების და იშვიათმიწა ლითონების იმპორტი კვლავ გრძელდება.
საბითუმო საწყობის მაღაზია „ტესპი“ ესტონეთში იმ რუსული და ბელარუსული წარმოების საკვები პროდუქტების იმპორტს ახორციელებს, რომლებიც სანქციებს არ ექვემდებარება. ამ პროდუქციის ნაწილი სხვა სასურსათო მაღაზიებშიც იყიდება. საცალო მოვაჭრეებს რუსულ საქონელზე საუბარი არ სურთ.
გარკვეული ქიმიური ნივთიერებებისა და იშვიათმიწა ლითონების გარდა, რომელთა შესაძენადაც ესტონეთმა ევროკავშირისგან სპეციალური ნებართვა მოითხოვა, რათა კომპანია „სილმეტისთვის“ ამ პროდუქციის მიწოდების უზრუნველყოს, რუსეთიდან ესტონეთში შემოტანილი საქონლის ყველაზე დიდი წილი სურსათზე მოდის.
მიმდინარე წლის აგვისტოში რუსეთიდან ესტონეთში იმპორტირებული საკვები პროდუქტებისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ღირებულებამ დაახლოებით 1 მილიონი ევრო შეადგინა, თუმცა გასულ წელს იყო თვეები, როდესაც ეს მაჩვენებელი 3 მილიონ ევროს აღწევდა. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ იმპორტი შემცირდა, თუმცა კლება უმნიშვნელოა.
თუმცა, ესტონეთსა და რუსეთს შორის ადრე არსებული სავაჭრო ურთიერთობებიდან დღეს ძალიან ცოტა რამ არის შემორჩენილი.
„რუსეთთან ვაჭრობა მნიშვნელოვნად შეიცვალა, როგორც იმპორტის, ისე ექსპორტის თვალსაზრისით. ომამდე ესტონეთში რუსეთიდან დაახლოებით 2.2 მილიარდი ევროს ღირებულების საქონლის იმპორტი ხორციელდებოდა. მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში იმპორტმა, მთლიანობაში, დაახლოებით 40 მილიონი ევრო შეადგინა. საუბარია მოცულობაზე, რომელიც ათჯერ და უფრო მეტად არის შემცირებული. რაც შეეხება სურსათის იმპორტის მაჩვენებლების მერყეობას, ის საზღვაო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობით არის განპირობებული“, – აღნიშნა ესტონეთის საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტის (MTA) საბაჟო სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ურსულა რიიმაამ.
ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა, ძირითადად, რუსეთის ეკონომიკის იმ სექტორების წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებიც კრემლის სამხედრო მანქანას ასაზრდოებენ. ის, როგორც წესი, ნავთობპროდუქტებისა და სასარგებლო წიაღისეულის ექსპორტს შეეხება. საქონლის ის კატეგორიები კი, რომლებსაც რუსეთისთვის შედარებით ნაკლები შემოსავალი მოაქვს, ჯერჯერობით, შეზღუდვების მიღმა რჩება.
„სურსათი და სამედიცინო დანიშნულების საქონელი ის ორი მთავარი კატეგორიაა, რომლებზეც სანქციები დღემდე არ ვრცელდება. თუმცა, ფუფუნების საგნებად კლასიფიცირებული ზოგიერთი საკვები პროდუქტის რუსეთიდან იმპორტი და რუსეთში ექსპორტი შეზღუდულია“, – ამბობს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სანქციების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი, კადრი ელიას-ჰინდოალა.
ომამდელ მაჩვენებლებთან შედარებით, ევროკავშირიდან რუსეთში ექსპორტი 60 პროცენტით შემცირდა, ხოლო უკუმიმართულებით იმპორტი – 90 პროცენტით. სანქციების ყოველი ახალი პაკეტის მიღებასთან ერთად, წესდება დამატებითი შეზღუდვები.
მომავალი წლიდან ძალაში შესასვლელ ყველაზე მნიშვნელოვან ზომას თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის შეზღუდვა წარმოადგენს. ამჟამად ევროპის რამდენიმე ქვეყანა ამ საწვავს დღემდე რუსეთიდან ყიდულობს.