ესტონეთში მიგრანტების უკანონოდ ტრანსპორტირებისთვის, უკრაინის მოქალაქეს პატიმრობა მიესაჯა

11:41, 09.11.2026
ტალინის ციხე (საილუსტრაციო ფოტო)

ტალინის ციხე (საილუსტრაციო ფოტო)

პიარნუს სასამართლომ უკრაინის 37 წლის მოქალაქეს, ესტონეთში მიგრანტების უკანონოდ ტრანსპორტირებისთვის, 1 წლისა და 10 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელის მოხდის შემდეგ, მას ესტონეთიდან გააძევებენ და 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში ხელახლა შესვლა აეკრძალება.

ალექსანდრე სუვოროვი პოლიციამ მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს იარვას მაზრის სოფელ მიაკიულაში დააკავა, რადგან მის ავტომობილში ესტონეთში უკანონოდ შესული ალჟირის 1 და სომალის 3 მოქალაქე აღმოაჩინეს.

პიარნუს რაიონულმა სასამართლომ, საქმის დაჩქარებული წესით განხილვის შემდეგ, სუვოროვს 1 წლითა და 10 თვით პატიმრობა მიუსაჯა, საიდანაც 2 თვე მან დაუყოვნებლივ უნდა მოიხადოს.

სასჯელის დარჩენილი ნაწილი პირობითია და 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით შეჩერდა, იმ დათქმით, რომ კანონდამრღვევი ამ პერიოდში ახალ განზრახ დანაშაულს აღარ ჩაიდენს.

2026 წლის ოქტომბერში ესტონეთის პოლიციამ ალექსანდრე სუვოროვის ავტომობილი იარვას მაზრაში გააჩერა / ფოტო: ესტონეთის პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტი (PPA)

სასჯელის მოხდის შემდეგ, სუვოროვს ქვეყანას დაატოვებინებენ და 5 წლის განმავლობაში ესტონეთში ხელახლა შესვლა აეკრძალება.

ესტონეთის კანონმდებლობით, ნებისმიერ პირს, ვისაც ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოელი უკანონოდ გადაჰყავს, 3 წლამდე პატიმრობას მიუსჯიან, ხოლო თუ უცხოელის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეექმნა, დამნაშავეს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სტატიის ავტორი: ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR -Eesti Rahvusringhääling)  

ფოტოს ავტორი: პრიიტ მიურკი, ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი, 2026 წელი, 16:01 (ცენტრალური ევროპის დრო)

მსგავსი