ესტონეთმა რუსეთთან ერთ-ერთი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დროებით დახურა, გადაწყვეტილების მიზეზად კი რუსული მხარის საეჭვო აქტივობა დაასახელა
ესტონეთმა ერთ-ერთი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დროებით დახურა, გადაწყვეტილების მიზეზად კი რუსეთის საეჭვო აქტივობა დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ ესტონური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობებით, 10 ოქტომბერს ესტონეთის სასაზღვრო დაცვის წარმომადგენლებმა ტერიტორიაზე რუსეთის ჩვეულებრივზე დიდი სამხედრო შენაერთი დააფიქსირეს.
სამხრეთ პრეფექტურის ოპერაციული ხელმძღვანელის, კუნტერ პედოსკის განცხადებით, სააცეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რუსები პატრულირებენ, თუმცა პარასკევს, ჩვეულებრივზე მეტი აქტივობა შეინიშნებოდა.
„რუსი სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები სააცეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რეგულარულად პატრულირებენ, რადგან ეს მათი ტერიტორიაა. დღეს ჩვეულებრივზე მეტი აქტივობა იყო. შესაძლო პროვოკაციებისა და ინციდენტების თავიდან ასარიდებლად გზის ჩაკეტვა გადავწყვიტეთ. ჩვენი მიზანი ესტონელი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა“, – აცხადებს პედოსკი.
მისივე თქმით, თავდაპირველად სასაზღვრო დაცვის წარმომადგენლებმა გზის ორივე მხარეს პატრული განალაგეს, გამვლელ მძღოლებს დაუკავშირდნენ და რუსული აქტივობის გაზრდის გამო, ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავის შეკავება ურჩიეს.
„რეკომენდაციის მიუხედავად, იყვნენ ისეთებიც, ვისაც მოგზაურობის გაგრძელება მაინც ამ ტერიტორიის გავლით სურდა. გზა რადგანაც რუსეთის ტერიტორიაზე გადის, უსაფრთხოების სიტუაციის გათვალისწინებით, სააცეს სასაზღვრო გამშვები პუნქტის გადაკვეთისას სიფრთხილე აუცილებელია“, – აღნიშნა სამხრეთ პრეფექტურის ოპერაციული ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, 19 სექტემბერს რუსულმა თვითმფრინავებმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. ინციდენტი ფინეთის ყურეში მოხდა, სადაც სამი რუსული ავიაგამანადგურებელი „მიგ-31“ ესტონეთის თანხმობის გარეშე შეიჭრა ქვეყნის საჰაერო სივრცეში და იქ 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.