ესტონეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა კრემლში შეხვედრაზე საქართველოს შესახებაც ისაუბრეს
ესტონეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა კრემლში შეხვედრაზე საქართველოს შესახებაც ისაუბრეს, – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ რუსულ „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ესტონეთი ევროკავშირის წევრია და სრულად უჭერს მხარს სანქციების ევროპულ მექანიზმსა და საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა განიხილეს საქართველოსთან მიმართებით, სადაც „კონფლიქტი, როგორც ჩანს, დიდი ხანია, გაყინულია“, ესტონეთის პრეზიდენტმა განაცხადა: „სწორედ ეს განვიხილეთ. საქართველოში ახლა ახალი პრეზიდენტია და განვიხილეთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი. უკრაინაშიც არჩევნებია. ამავდროულად, მილიონობით იძულებით გადაადგილებული პირია და ამის შესახებ აუცილებელია საუბარი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, თუ როგორ მივედით აქამდე. არ ველოდებოდი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსამდე მივიდოდით. პატივისცემის მიუხედავად, საკუთარ აზრზე დავრჩი, ისევე, როგორც ჩემი თანამოსაუბრე“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.