ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი - პროპორციული სისტემა ქვეყნის სტაბილურობას განაპირობებს და საქართველოსთვის უკეთესია
ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი - პროპორციული სისტემა ქვეყნის სტაბილურობას განაპირობებს და საქართველოსთვის უკეთესია

პროპორციული საარჩევნო სისტემა ქვეყნის სტაბილურობას განაპირობებს და საქართველოსთვის უკეთესია, – განაცხადა ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტომას ჰენდრიკ ილვესმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ილვესის შეფასებით, მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას ქვეყანა ორპარტიულ სისტემასთან მიჰყავს, ეს კი, საზოგადოების პოლარიზებას იწვევს, რაც უკვე ხდება აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში.

„სამწუხაროა, რომ საქართველომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ვერ შეძლო, რადგან ჩემ მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც ძირითადად დეზინფორმაციისა და ციფრული საშუალებების გამოყენებით საარჩევნო პროცესში ჩარევასა და მანიპულაციას ეხება, აჩვენებს, რომ პროპორციული წარმომადგენლობა პარლამენტში ქვეყნის სტაბილურობას განაპირობებს. რა თქმა უნდა, პროპორციული სისტემის პირობებში მთავრობის გადაყენება ან უნდობლობის გამოცხადება უფრო იოლია. ესეც მართალია, მაგრამ, მეორე მხრივ, მაჟორიტარულ სისტემას, უმეტეს შემთხვევაში, აუცილებლად ორპარტიულ სისტემასთან მივყავართ. ორპარტიული სისტემა კი, როგორც ამას ვხედავთ, აშშ-ში, ბრიტანეთში ან თუნდაც უნგრეთსა და საქართველოშიც იწვევს საზოგადოების პოლარიზებას, რაც არასასურველია. ამ შემთხვევაში, ჩნდება დამოკიდებულება, რომ ყველაფერი ერთ გამარჯვებულ პარტიას ეკუთვნის. ასეთ დროს მთავრობა უმცირესობას არაფრად აგდებს. უმცირესობა კი, შეიძლება, საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყოს. როგორც ვხედავთ, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში, როდესაც ერთ პარტიას არაპროპორციულად დიდი წარმომადგენლობა ჰყავს მთავრობაში და ეს არ ასახავს საზოგადოების რეალურ განწყობას, მაშინ უფრო დიდი დაპირისპირება იჩენს ხოლმე თავს“,- ამბობს ტომას ჰენდრიკ ილვესი.

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ უნდა შეძლოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის რუსეთის მხრიდან მანიპულაციების მიმართ უფრო მოწყვლადი გახდება.

„პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ჩავარდნას მხოლოდ ვენეციის კომისიისთვის მიცემული დაპირების შეუსრულებლობად არ შევაფასებდი. ამას ხომ უცხოელებისთვის არ აკეთებთ. პირველ რიგში, ეს ისევ თქვენთვის კეთდებოდა. ძალიან მაწუხებს ის პოლარიზება, რომელსაც საქართველოში უკვე დიდი ხანია, თვალს ვადევნებთ. ეს მხოლოდ მოქმედ მთავრობას არ ეხება. მთავარ პოლიტიკურ ძალებს შორის ჭიდილი დიდი ხანია, გრძელდება“, – აღნიშნა ტომას ჰენდრიკ ილვესმა.

მისი შეფასებით, საქართველოსთვის გაცილებით უკეთესია, თუ პარლამენტში პოლიტიკური პარტიების ფართო სპექტრი იქნება წარმოდგენილი, რომლებიც ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, შემდეგ აუცილებლად იპოვიდნენ საერთო ენას და შექმნიდნენ კოალიციას.

„გრძელვადიან პერსპექტივაში ეს უფრო სტაბილურ საზოგადოებას და უმცირესობის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს. ასე რომ, ჩემი აზრით, საქართველომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უნდა შეძლოს. ეს საზოგადოებას დაეხმარებოდა, მაგრამ როგორც ვხედავთ, ეს ვერ მოხერხდა. სამწუხაროა, რადგან როდესაც საზოგადოება პოლარიზებულია, ის უფრო მეტად მოწყვლადია და უფრო იოლად ხდება გარე ძალების მხრიდან მანიპულაციის მსხვერპლი. ასეთ პირობებში, ჩნდება უამრავი კონსპირაციული თეორია. ორივე მხარის – ოპოზიციისა და მთავრობის დემონიზების საფრთხე იზრდება. ამას ვადევნებთ თვალს აშშ-ის პოლიტიკის მაგალითზე. აშშ-ის პოლიტიკა სავსეა კონსპირაციული თეორიებით. ბევრ თეორიას აშშ-ის მთავრობის წევრებიც კი ახმიანებენ. საბოლოო ჯამში, მივდივართ არასტაბილურობამდე. აქვე გეტყვით, რატომ ვახსენე ეს საქართველოსთან მიმართებაში. შეხედეთ, რუსები თქვენს სიახლოვეს არიან. ასეთ პირობებში საქართველო უფრო მოწყვლადია. საინტერესოა, თუ გადახედავთ სახელმწიფოებს, რომლებმაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს, ვგულისხმობ სახელმწიფოებს, რომლებიც გასული 30 წლის განმავლობაში კომუნისტური მმართველობიდან გამოვიდნენ, ყველა ამ სახელმწიფოს აქვს პროპორციული სისტემა. ეს ქვეყნები წარმოადგენენ საპარლამენტო რესპუბლიკებს, სადაც პრეზიდენტს არ აქვს აღმასრულებელი ძალაუფლება. თუ პრეზიდენტს აქვს აღმასრულებელი ძალაუფლება, მაშინ ყველაფერი მთავრდება ლუკაშენკოთი ან პუტინით. იმ ქვეყნებში, სადაც პრეზიდენტი ძლიერია ან არის მაჟორიტარული სისტემა, ყველაფერი არასტაბილური სიტუაციით მთავრდება“, – აცხადებს საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი.

ტომას ჰენდრიკ ილვესთან ინტერვიუს სრული ვერსიის მოსმენა შესაძლებელია კვირას, პირველ დეკემბერს, საქართველოს რადიოს ეთერში, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში – „მსოფლიოს ამბები“.