ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს კანცლერი - ნატო-ს წყაროების ინფორმაციით, გასულ დღეებში რუსეთმა იმიტირებული სარაკეტო თავდასხმები განახორციელა ბალტიის ქვეყნებზე
ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს კანცლერი - ნატო-ს წყაროების ინფორმაციით, გასულ დღეებში რუსეთმა იმიტირებული სარაკეტო თავდასხმები განახორციელა ბალტიის ქვეყნებზე

ნატო-ს წყაროების ინფორმაციით, გასულ დღეებში რუსეთმა იმიტირებული სარაკეტო თავდასხმები განახორციელა ბალტიის ქვეყნებზე, – აღნიშნულის შესახებ, ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს კანცლერმა, კუსტი სალმა ფინურ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ესტონეთზე იმიტირებულ სარაკეტო დარტყმებთან დაკავშირებით, წვრთნები ახლაც მიმდინარეობს რუსეთის ტერიტორიაზე.

ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს კანცლერის განცხადებით, გარდა იმიტირებული დარტყმებისა, რუსულმა ვერტმფრენებმა რამდენიმე დღის წინ ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. ნატო-ს წყაროების ინფორმაციით, რუსული ვერტმფრენები წვრთნებს ატარებდნენ თავდასხმის შესახებ.

„რუსულმა ვერტმფრენებმა რამდენიმეჯერ დაარღვიეს საზღვარი. საუბარი არ არის გემებზე სანაპიროდან ორმოცდაათი მილის დაშორებით ან თვითმფრინავებზე, არამედ ვერტმფრენებზე. ვერტმფრენი შემთხვევით არ კვეთს საზღვარს“, – განაცხადა სალმა.

ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნული ვითარებას ძალიან სერიოზულად მიიჩნევს.

„რუსები თვლიან, რომ ჩვენ არ ვიმსახურებთ დამოუკიდებლობას. ამას ცხადჰყოფს მათი ბოლო ოპერაციები და სტრატეგიული კომუნიკაციები“, – განაცხადა კუსტი სალმა.

აღსანიშნავია, რომ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსული ვერტმფრენის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, პროტესტის ნიშნად რუსეთის ელჩი დაიბარეს.