ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო რუსეთს ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს
ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო რუსეთს ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო რუსეთს ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაცია უწყების ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 10 ივლისს, დილის საათებში რუსეთის კუთვნილმა თვითმფრინავმა ილ-96-მა, ესტონეთის საჰაერო სივრცე ნებართვის გარეშე გადაკვეთა. შემთხვევა ბაინდლოოს კუნძულის რაიონში მოხდა.

ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსულმა საფრენმა აპარატმა ქვეყნის საჰაერო სივრცეში დაახლოებით ერთი წუთი დაჰყო. თვითმფრინავი ესტონელ დისპეჩერებთან კონტაქტზე არ გასულა.

ესტონური მედიის ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტალინში რუსეთის ელჩი გამოიძახა და დიპლომატს მომხდართან დაკავშირებით შესაბამისი ნოტა გადასცა.