ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვასთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო

10:30, 03.09.2026

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვასთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

მისი თქმით, ლიდერს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის აღების უნარი და გამბედაობა მაშინაც კი, როდესაც პასუხისმგებლობა პირადად მას არ ეკისრება, თუ ეს ქვეყნის დაცვის უფრო ფართო მიზანს ემსახურება.

„როგორც თავდაცვის მინისტრმა, რა თქმა უნდა, უნდა ვაღიარო: ჩემს უწყებას დაქვემდებარებულ მთელ სფეროზე პასუხისმგებლობა მე მეკისრება. ახლა თუ ამ მნიშვნელოვან პასუხს ელოდებით, მაშინ, რა თქმა უნდა, ლიდერს უნდა ჰქონდეს როგორც გამბედაობა, ისე პოლიტიკური პასუხისმგებლობის ფარგლებში პასუხისმგებლობის აღების უნარი, მაშინაც კი, როდესაც პირადი პასუხისმგებლობა არ ეკისრება. მე ამ პასუხისმგებლობას ვიღებ და პრემიერ-მინისტრს ახალი თავდაცვის მინისტრის პოვნა მოუწევს“, – განაცხადა პევკურმა.

მედიის ცნობით, გადადგომას წინ უძღოდა ეროვნული აუდიტის სამსახურის ანგარიში, რომელმაც თავდაცვის სექტორში ფინანსური მართვის პრობლემები გამოავლინა.

ესტონური მედია წერდა, რომ ესტონეთმა უკრაინისთვის განკუთვნილი საარტილერიო ჭურვების შესაძენად ინდურ კომპანიას ავანსის სახით, ჯამში, 70 მილიონი ევრო გადაუხადა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ კომპანიას მანამდე საარტილერიო ჭურვები არ ჰქონდა წარმოებული.

ჭურვების პირველი პარტია უკრაინაში 2024 წლის ნოემბერში უნდა ჩასულიყო, თუმცა კომპანიამ მიწოდების შეფერხება და სხვა პრობლემები მოიმიზეზა. მიუხედავად ამისა, წლის ბოლოს კიდევ ორი კონტრაქტი გაფორმდა და ავანსების საერთო მოცულობამ დაახლოებით 70 მილიონ ევროს მიაღწია. საბოლოოდ, კონტრაქტით გათვალისწინებული ჭურვები არ მიეწოდათ და ესტონეთმა დავა სტრასბურგის ევროპულ საარბიტრაჟო სასამართლოში განსახილველად შეიტანა.

მსგავსი