ესტონეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტულმა „რეფორმისტების“ პარტიამ გაიმარჯვა
ესტონეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტულმა „რეფორმისტების“ პარტიამ გაიმარჯვა. ესტონეთის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მმართველი „ცენტრისტების“ პარტია მეორე ადგილზე გავიდა.
„რეფორმისტების“ პარტიამ, რომელსაც ყოფილი პარლამენტარი კაია კალასი ხელმძღვანელობს, არჩევნებში 29 პროცენტი, „ცენტრისტების“ პარტიამ კი 23 პროცენტი აიღო.
101-ადგილიან პარლამენტში გამარჯვებული პარტია 34 მანდატს მიიღებს, მეორე ადგილზე გასულ პარტიას კი 26 მანდატი ექნება.
აღსანიშნავია, რომ პოზიციები გაიუმჯობესა ულტრამემარჯვენე „ესტონეთის კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ“, რომელმაც 17.8 პროცენტი აიღო და პარლამენტში 19 მანდატი ექნება. საპარლამენტო ბარიერი ასევე გადალახეს კონსერვატიულმა პარტია „ისამაამ“ და სოციალ-დემოკრატებმა, რომელთა შედეგი 11.4 და 9.8 პროცენტია.
მთავრობის ფორმირების უფლება პირველ ადგილზე გასულ პარტიას აქვს. კაია კალასი სავარაუდოდ ესტონეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი იქნება.