ესტონეთის სამხედრო-საზღვაო ძალები: ფინეთის ყურეში ახალი თავდასხმები გამორიცხული არ არის
ესტონეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი, კომოდორი ივო ვერკი / ფოტო: ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ესტონეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის, კომოდორ ივო ვერკის განცხადებით, საერთაშორისო წყლებში საბრძოლო მოქმედებების წარმოება სრულიად ლეგიტიმურია როგორც რუსეთისთვის, ისე უკრაინისთვის. ამიტომ, მისი თქმით, ფინეთის ყურეში გემებზე ახალი თავდასხმები გამორიცხული არ არის.
შაბათს დილით დრონით მიყენებული დარტყმის შემდეგ, რუსულ გემ „სპარტა II-ს“ ცეცხლი გაუჩნდა, რის შემდეგაც იგი ფინეთის ტერიტორიულ წყლებში დრეიფით შევიდა. ფინეთის თავდაცვის ძალების განცხადებით, რუსულ სატვირთო გემზე თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, უკრაინა დგას. „სპარტა II-ზე“ დრონებით მიტანილ შეტევაზე კიევს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია. ეკიპაჟის ევაკუაცია შაბათს ღამით განხორციელდა.
ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR): რა ოპერაციები მიმდინარეობს ამჟამად „სპარტა II-თან“ დაკავშირებით?
ივო ვერკი: გრძელდება სამაშველო-სალიკვიდაციო ოპერაციები, რომლებსაც ფინეთის საზღვაო სამაშველო კოორდინაციის ცენტრი ხელმძღვანელობს. შემთხვევის ადგილზე ესტონეთის, რუსეთის ფედერაციისა და ფინეთის გემები იმყოფებიან. ცეცხლმოკიდებულ გემზე ხანძრის ჩაქრობა კვლავ დისტანციურად მიმდინარეობს. გემის ეკიპაჟის ევაკუაცია რუსეთის ფედერაციის სავაჭრო გემზე მოხდა. რუსეთის ერთი სამაშველო გემი უკვე ადგილზე იმყოფება, მეორე კი გზაშია.
ERR: გაირკვა თუ არა, რა ტვირთი გადააქვს რუსულ გემს? „სპარტა II-ს“ კვლავ ცეცხლი უკიდია. შესაძლოა თუ არა, ტვირთმა აფეთქების საფრთხეც შექმნას?
ივო ვერკი: ზუსტად არ ვიცით, რა ტვირთი გადააქვს გემს, თუმცა გვაქვს ინფორმაცია, რომ ბორტზე გარკვეული რაოდენობის აალებადი ტვირთია.


ERR: რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ხანძარი? შესაძლებელია თუ არა მისი ჩაქრობა ერთ დღეში ან ერთ კვირაში?
ივო ვერკი: ამაზე საუბარი ან ვარაუდების გამოთქმა რთულია. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა იწვის გემზე და რა სახის ხანძარსაწინააღმდეგო რესურსია ხელმისაწვდომი შემთხვევის ადგილზე. ამ ეტაპზე ყველაფერი მხოლოდ დისტანციურად შეიძლება გაკეთდეს. უშუალოდ გემის ბორტზე ხანძარს არავინ ებრძვის.
ERR: როგორ თანამშრომლობენ ფინური, რუსული და ესტონური მხარეები? როგორი ვითარებაა ზღვაში და რა როლს ასრულებენ რუსები? მათ გემის აღდგენა სურთ?
ივო ვერკი: ფინეთის საზღვაო სამაშველო კოორდინაციის ცენტრი ოპერაციას რუსეთის მხარესთან შეთანხმებით ატარებს. მათ შორის სრულყოფილი თანამშრომლობაა და ყველა საჭირო მექანიზმი ამოქმედებულია. მხარეები ერთმანეთს ინფორმაციას აწვდიან და თავიანთ მოქმედებებს ათანხმებენ. ამ ეტაპზე ჩვენ ამ ოპერაციაში მხოლოდ ჩვენი სამაშველო რესურსებით ვმონაწილეობთ.
ERR: იმყოფება თუ არა შემთხვევის ადგილზე [ესტონური გემი] „კინდრალ კურვიტსი“ (Kindral Kurvits) და რა როლს ასრულებს ის ამ ინციდენტში?
ივო ვერკი: „კინდრალ კურვიტსი“ შემთხვევის ადგილზეა და სამაშველო ოპერაციებს ახორციელებს. ამჟამად ის სხვა სამაშველო გემებთან ერთად არის ჩართული ხანძრის დისტანციურად ჩაქრობის პროცესში.
ERR: რამდენად არის მოსალოდნელი, რომ მსგავსი თავდასხმები ფინეთის ყურეში კვლავ განმეორდეს?
ივო ვერკი: ეს გამორიცხული არ არის. ფინეთის ყურე იქნება ეს, შავი ზღვა თუ თუნდაც ხმელთაშუა ზღვა, ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიული წყლების მიღმა არსებული ნებისმიერი საზღვაო სივრცე ორივე დაპირისპირებული მხარისთვის სავსებით ლეგიტიმური ადგილია სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად.