ესტონეთის სახელმწიფო ფლოტის ახალი გემი ძროხის ნაკელისგან მიღებულ ბიოგაზზე მუშაობს

12:02, 13.07.2026
ძროხები ბოსელში (საილუსტრაციო ფოტო)

ძროხები ბოსელში (საილუსტრაციო ფოტო)

ესტონეთის სახელმწიფო ფლოტი (Eesti riigilaevastik) მალე ახალ გემს მიიღებს. ეს საზღვაო ხომალდი იმით არის უნიკალური, რომ ის კუნძულ საარემააზე არსებულ ძროხის ფერმებში შეგროვებული და გადამუშავებული ნაკელისგან მიღებულ ბიომეთანზე მუშაობს.

 

სახელმწიფო ფლოტისთვის ახალი გემის გადასაცემად, საარემააზე განთავსებულ გემთსაშენ Baltic Workboats-ში (BWB) ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. აქ აგებული საზღვაო ხომალდი, მისი საწვავის წყაროდან გამომდინარე, მეტად ინოვაციურია როგორც გემთსაშენისთვის, ისე უფრო ფართო გაგებით. ასევე აღსანიშნავია, რომ აქაური ძროხები ახლა მხოლოდ რძეს როდი იძლევიან – საარემაას ფერმებიდან ტაჰულას ბიოგაზის ქარხანაში ავტოცისტერნებით გადააქვთ ნაკელი, სადაც მას საწვავად გადაამუშავებენ.

„ერთი კონტეინერი საწვავის მისაღებად, 5 რეისია საჭირო, იგივე ერთი კონტეინერის შევსებას კი 1,5 დიდი ფერმის დღიური პროდუქტი ესაჭიროება“, – ამბობს ტაჰულას საწარმოს ხელმძღვანელი, ლაური იასმინი.

კომპანია BWB-ის მიერ აგებული ესტონეთის სახელმწიფო ფლოტის გემი / ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ERR) ფოტო

ქარხანაში ძროხის ნაკელისგან მიღებული შეკუმშული ბიომეთანი კონტეინერებით გემზე გადააქვთ, სადაც სამი კონტეინერია განთავსებული.

„სისტემა იმითაც არის უნიკალური, რომ მას კონტეინერების ორი კომპლექტი აქვს, რაც, ჯამში, ექვს კონტეინერს ნიშნავს. სამი ყოველთვის გემზეა, ხოლო დანარჩენი სამი, საწვავით შესავსებად, ესტონეთის ნებისმიერ ბიოგაზის ქარხანაში შეიძლება გაიგზავნოს“, – განუცხადა პროექტის მენეჯერმა, რანდო ვარბლანემ გადაცემა „აქტუალურ კამერას“ (Aktuaalne kaamera).

ბიოგაზის ერთი კონტეინერით, სიჩქარიდან გამომდინარე, გემს 300–500 საზღვაო მილის გავლა შეუძლია.

„99-პროცენტიანი ალბათობით ვიტყოდი, რომ ეს პროექტი უნიკალურია მსოფლიოში. გემი ესტონელმა ინჟინრებმა დააპროექტეს, ხოლო ესტონურმა კომპანიებმა შეიმუშავეს საწვავის სისტემა, რომელიც ძალიან რთულია. ამაში თავადაც დარწმუნდებით, თუ სამანქანო განყოფილებაში შეიხედავთ და ნახავთ რამდენი მილია იქ. გემი შიგაწვის ძრავას იყენებს, მაგრამ, დიზელის ნაცვლად, ის მუშაობს მეთანზე – თანაც ბიომეთანზე. იმედი მაქვს, რომ ეს ერთადერთ შემთხვევად არ დარჩება და ინოვაცია გაგრძელებას პოვებს. ეს კი მეტად მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც ესტონეთმა, უკვე დიდი ხანია, დაკარგა კონკურენტული უპირატესობა იაფი პროდუქციის წარმოებაში“, – აღნიშნა BWB-ის გამგეობის თავმჯდომარემ, მარგუს ვანასელიამ.

ძროხის ნაკელისგან წარმოებული საწვავი ასეთი მანქანებით გადააქვთ / ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ERR) ფოტო

„მოდით, ასე ვთქვათ: კაპიტნისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რა საწვავზე მუშაობს მისი გემი. მთავარია, რომ მას საკმარისი სიმძლავრე ჰქონდეს“, – განმარტა გემის კაპიტანმა, ერნსტ სინიორგმა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ახალ გემსა და წიაღისეულ საწვავზე მომუშავე საზღვაო ხომალდს შორის განსხვავება არ არსებობს.

„ვხედავთ, რომ ჩვენი ძროხები ახალ საქმეს შესანიშნავად უძღვებიან და ზღვაში ცურვაც შესანიშნავად შეუძლიათ!“ – იხუმრა იასმინმა.

ბიომეთანი იწარმოება ნედლი ბიოგაზის იმ სტადიამდე გაწმენდით, სანამ ის ბუნებრივ აირს არ დაემსგავსება. პროცესის დროს ხდება ორგანულ ნარჩენების, ამ შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო ნაკელის ანაერობული ფერმენტაციის გზით დაშლა და მიიღება ბიოგაზი, რომელიც შემდეგ ნახშირორჟანგისა და სხვა მინარევებისგან იწმინდება.

 

სტატიის ავტორი: მარგუს მულდი,  ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR Eesti Rahvusringhääling)

ფოტოს ავტორი: კენ მიურკი, ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 11 ივლისი, 2026, 15:18 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი