ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მკაცრად ვგმობთ ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე ე.წ. არჩევნებს
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მკაცრად ვგმობთ ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე ე.წ. არჩევნებს

ესტონეთი მკაცრად გმობს ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე ე.წ. არჩევნებს, – ამის შესახებ განცხადება „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ გაავრცელა.

„ესტონეთი მკაცრად გმობს ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რომელიც დღეს, 9 ივნისს იმართება. ეს არალეგალურია. ჩვენ ვერ ვაღიარებთ ამ „არჩევნების“ შედეგს. სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი“, – წერს ესტონელი დიპლომატი.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ე.წ. არჩევნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება. როგორც უწყებაში აცხადებენ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, საგარეო უწყება მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები.