ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ბუნებრივად მხარს ვუჭერთ გაფართოების პროცესს, ასევე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას 
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ბუნებრივად მხარს ვუჭერთ გაფართოების პროცესს, ასევე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას 

ესტონეთი ბუნებრივად მხარს უჭერს გაფართოების პროცესს, რადგან ამის გარეშე აქ არ ვიდგებოდი და არ მოგცემდით ინტერვიუებს, ასევე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს ვუჭერთ, – ამის შესახებ განცხადება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნმა ბრიუსელში გააკეთა, სადაც ევროკავშირის წევრი საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება.

„როგორც იცით, ეს ძალიან რთული შეხვედრა იქნება. ვფიქრობ, ყველაზე რთული საბჭოს შეხვედრა იქნება, რაც მახსოვს. ყველაფერი ერთად განიხილება – დაფინანსება, გაფართოება და გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ უკრაინას არ ეხება, ეს გადაწყვეტილებები ჩვენთვისაცაა. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ არ ვმსჯელობთ, უფრო მეტად დავეხმაროთ თუ არა უკრაინას, არამედ ჩვენს მომავალზე ვმსჯელობთ, როგორი იქნება ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურა. და თუ ჩვენ არ მივიღებთ ასეთ გადაწყვეტილებებს გაფართოების კუთხით, რომ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, არ ვიცი, რა მოხდება. ეს არის ცუდი შეცდომა, ცუდი გზავნილი ყველასთვის, არამხოლოდ უკრაინელებისთვის. ერთი კვირა გვაქვს წინ და, ვფიქრობ, ვიპოვით გამოსავალს“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მარგუს ცაჰკნის თქმით, უნგრეთის პოზიცია უკრაინასთან მიმართებით მისთვის გასაგები არგუმენტები არ არის.

„ჩემთვის უნგრეთის მხარის პოზიციაზე გასაგები არგუმენტები არ არის. ჩვენ გვაქვს სანქციების პაკეტი და არანაირი გამართლება არ აქვს ამის დაბლოკვას. არ არის არგუმენტები დიდი გადაწყვეტილებების დასაბლოკად, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ვიპოვით კონსენსუსს“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.