ესტონეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მზაობის მისაღწევად შესაძლოა, 20-წლიანი მუშაობა დასჭირდეთ
ესტონეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მზაობის მისაღწევად შესაძლოა, 20-წლიანი მუშაობა დასჭირდეთ

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი აცხადებს, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მზაობის მისაღწევად შესაძლოა, 20-წლიანი მუშაობა დასჭირდეთ. ამის შესახებ კალიულაიდმა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, პირადად ევროკავშირის გაფართოების მომხრეა, თუმცა როგორც ესტონეთის პრეზიდენტი ამბობს, ამას დიდი დრო სჭირდება.

„ვისურვებდი, ევროკავშირი უფრო გაბედული იყოს გაფართოების საკითხში. საჭიროა რაღაც ტიპის გადაწყვეტილებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, მათ ან სრულფასოვან წევრობას ვთავაზობთ, ან ახალ ფორმატს ვქმნით ამ სამი სახელმწიფოსთვის (უკრაინა, საქართველო, მოლდოვა), რომლებსაც აქვთ ამბიცია. ევროკავშირში გაწევრიანებას მთელი რიგი პირობები აქვს. გულწრფელად ვიტყვი, არც ერთი ამ ქვეყნებიდან არ ასრულებს წევრობის კრიტერიუმებს. თქვენ დაგჭირდებათ ალბათ 20-წლიანი მუშაობა, ვიდრე ამ მზაობას მიაღწევთ. სამივე ქვეყანას პრობლემები აქვს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კერსტი კალიულაიდმა.

როგორც ესტონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირთან ეკონომიკის კუთხით უკვე ახდენენ ინტეგრირებას.

„შესაძლოა, ევროინტეგრაციის გზაზე საჭირო იყოს შუალედური ეტაპი, რომელიც დაეხმარება უკრაინას, მოლდოვას ან საქართველოს. მზად ვართ, დაგეხმაროთ ამ ცვლილებებში, მაგრამ საქმე თქვენ უნდა შეასრულოთ და ეს რთული სამუშაოა“, – განაცხადა კერსტი კალიულაიდმა.