ესტონეთის პრემიერი – მოკავშირეებს, მათ შორის, უკრაინას, ვუთხარით, რომ არ აქვთ ჩვენი საჰაერო სივრცის, საზღვაო ან სახმელეთო ზონის გამოყენების უფლება, უკრაინას გავუგზავნით სიგნალს გარემოს დაბინძურების საფრთხეზე
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა განაცხადა, რომ არავის, მათ შორის, არც უკრაინას, არ მისცემენ უფლებას, გამოიყენოს ესტონეთის საჰაერო, საზღვაო თუ სახმელეთო სივრცე დარტყმების განსახორციელებლად.
მისივე თქმით, კიევს გაეგზავნება სიგნალი იმ ეკოლოგიური დაბინძურების რისკის შესახებ, რომელიც ბალტიის ზღვას დაემუქრება, თუ უკრაინა რეგიონში ნავთობტანკერებზე იერიშებს დაიწყებს.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნის სახმელეთო და საზღვაო ტერიტორია სხვა გემებზე, მათ შორის ნავთობტანკერებზე თავდასხმებისთვის დახურულია.
„ჩვენ ჩვენს მოკავშირეებს, მათ შორის, უკრაინას, ვუთხარით, რომ არ ვუზიარებთ ჩვენს საჰაერო სივრცეს, საზღვაო ტერიტორიას ან სახმელეთო ზონას, არავის აქვს უფლება, ისინი გამოიყენოს. უკრაინას აუცილებლად გავუგზავნით სიგნალს გარემოს დაბინძურების საფრთხის შესახებ. სავარაუდოდ, ეს ინფორმაცია მათ უკვე უფრო დაბალ დონეზე, ვიდრე სახელმწიფოთა ლიდერების დონეა, მიაწოდეს, თუმცა გაფრთხილება აუცილებლად განმეორდება“, – აღნიშნა მიხალმა.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ უკრაინის თავდასხმები რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტსა და ინფრასტრუქტურაზე გაგრძელდება, რადგან ეს გემები კრემლის სამხედრო მანქანის დაფინანსებასა და იარაღის ტრანსპორტირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
„არ უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთის ინფრასტრუქტურაზე ან ბალტიის ზღვასა თუ სხვა ზღვებში რუსულ გემებზე თავდასხმები უკანასკნელი იქნება. პუტინის სამხედრო დაფინანსების თითქმის ნახევარი სწორედ ამ გემებიდან მოდის და მათ იარაღის გადასატანადაც იყენებენ. ამიტომ არ მგონია, მომავალში მათ კვლავ არ დაესხმებიან თავს“, – აღნიშნა მიხალმა.
ამასთან, მიხალის განცხადებით, ტექნიკურად გაუმართავი ტანკერების დაზიანება ბალტიის ზღვისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.