ესტონეთის პრემიერ-მინისტრი – როგორ შეიძლება, ადამიანი დაიღალოს ომით, როცა ზის თბილ ოთახში და შეუძლია ტელევიზორის ყურება, უკრაინაში ხალხი იბრძვის თავისუფლებისთვის, მათ არ აქვთ გათბობა, ელექტროენერგია და წყალი
როგორ შეიძლება, ადამიანი დაიღალოს ომით, როდესაც ზის გამთბარ ოთახში, სადაც სიმშვიდე და სიწყნარე სუფევს, სადაც გამდინარე წყალია და შეუძლია ტელევიზორის ყურება, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიჰალმა „გარდიანთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, გაუგებარია ომისგან დაღლილობის შესახებ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის განცხადება და მისი შედარება უკრაინასთან, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ყოველდღიურად იღუპება და გადარჩენისთვის იბრძვის.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ტალინი მზადაა, დაფაროს ნებისმიერი დაფინანსების დეფიციტი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას სხვა ქვეყნების მიერ უკრაინის დახმარების პროგრამებიდან გასვლის გამო.
„როგორ შეიძლება, ადამიანი დაიღალოს ომით, როდესაც ზის გამთბარ ოთახში, სადაც სიმშვიდე და სიწყნარე სუფევს, სადაც გამდინარე წყალია და შეუძლია ტელევიზორის ყურება. უკრაინაში კი ხალხი იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის; მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება; მათ არ აქვთ გათბობა, ელექტროენერგია და წყალი. და ვინ დაიღლება? ის, ვინც თბილ ოთახში ზის? ეს არ არის ვარიანტი“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.
მიჰალმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი არასდროს დათმობს უკრაინას და მაშინაც კი, თუ უკრაინისადმი სკეპტიკოსი მარინ ლე პენი გაიმარჯვებს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, სხვა ქვეყნები მტკიცედ გააგრძელებენ კიევის მხარდაჭერას.