ესტონეთის პრემიერ-მინისტრი – ევროპა შუამავლის პოზიციაში არ უნდა იყოს, არ უნდა აიღოთ საკუთარ თავზე ისეთი როლი, რომლის მიზანიც დიქტატორის გულის მოგებაა

00:04, 07.11.2026

ევროპა შუამავლის პოზიციაში არ უნდა იყოს, არ უნდა აიღოთ საკუთარ თავზე ისეთი როლი, რომლის მიზანიც დიქტატორის გულის მოგებაა, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა „პოლიტიკოს“ განუცხადა.

ესტონეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, პირდაპირი მოლაპარაკებების იდეა ევროპის პოზიციას პუტინთან მიმართებით დაასუსტებს.

კრისტენ მიხალის განცხადებით, ამჯერად ევროპას აქვს გეგმა, რომელიც რუსეთის სანქციებით ეკონომიკურად გაგუდვის გზით მუშაობს.

მისივე თქმით, შუამავლის როლი ნიშნავს, რომ სტანდარტები დაიწევს სადამსჯელო სანქციების დაწესებისა და აღსრულების საკითხებში.

„შეუძლებელია, ორი როლი გქონდეს. ერთი როლი უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლაა, მეორე კი – შუამავლობის გარკვეული ფორმის განხორციელების მცდელობა. პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ევროპა ძლიერია, ერთიანია და ერთიანი ხმით საუბრობს“, – აღნიშნა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.

კრისტენ მიხალმა განაცხადა, რომ ევროპელები აფასებენ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობებს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის კუთხით, თუმცა ზეწოლა რუსეთზე ძალიან დიდი უნდა იყოს.

მსგავსი