ესტონეთის პარლამენტმა ქვეყნის მომავალ პრეზიდენტად იუსტიციის კანცლერი აირჩია
იულე მადისე ესტონეთის მომავალ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ. 2026 წლის 2 სექტემბერი / ფოტოს ავტორი: სიიმ ლიოვი, ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR - Eesti Rahvusringhääling)
ოთხშაბათს, 2 სექტემბერს, ესტონეთის პარლამენტმა, კენჭისყრის პირველივე ტურში, ქვეყნის მომავალ პრეზიდენტად იუსტიციის კანცლერი, იულე მადისე (Ülle Madise) აირჩია.
ფარული კენჭისყრისას, მადისეს კანდიდატურას 71-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მაშინ როდესაც სახელმწიფოს მეთაურის ასარჩევად 68 ხმა იყო საჭირო. შვიდი ბიულეტენი მოუნიშნავი აღმოჩნდა, თუმცა ბათილად ერთი ბიულეტენი არ ცნეს.
101-ადგილიან რიიგიკოგუში (პარლამენტში) ხმის მიცემის ბიულეტენი 78-მა დეპუტატმა აიღო და კენჭისყრაში ყველა მათგანმა მიიღო მონაწილეობა.
შედეგების გამოცხადების შემდეგ, მადისემ დამსწრე დეპუტატებს მიმართა: „ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს ნდობა გავამართლო. იმედი მაქვს, ურთიერთგაგების გზით, საჭიროების შემთხვევაში კი მწვავე დებატებით, მაგრამ ამავდროულად ერთმანეთის მხარდაჭერით, ესტონეთისთვის, საერთო ძალისხმევით, ბევრიკარგი საქმის გაკეთებას შევძლებთ“.
პრეზიდენტის პოსტზე მადისე ალარ კარისს შეცვლის, რომელიც ამ თანამდებობას ერთი ვადით იკავებდა. ივნისში მან განაცხადა, რომ მეორე ვადით აღარ იყრიდა კენჭს.
მადისე ესტონეთის მეშვიდე პრეზიდენტი და სახელმწიფოს მეორე ქალი მეთაური გახდება. იგი ფიცს 12 ოქტომბერს დადებს.
ვინ არის იულე მადისე?
იულე მადისე (ქორწინებამდე ანტონი) 1974 წლის 11 დეკემბერს ტარტუში დაიბადა. ის არის ცნობილი ესტონელი იურისტი, სამართალმცოდნე და ქვეყნის იუსტიციის კანცლერი.
სამართლის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი მან ტარტუს უნივერსიტეტში მიიღო, 2007 წელს კი ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ადმინისტრაციული მართვის დოქტორის ხარისხი დაიცვა.
იულე მადისეს კარიერა ესტონეთის სახელმწიფო ინსტიტუტებში თანმიმდევრული დაწინაურებით ხასიათდება. იგი თავდაპირველად იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა, მოგვიანებით რიიგიკოგუს საკონსტიტუციო კომიტეტის მრჩევლის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მთავარი აუდიტორის თანამდებობა ეკავა.
2009-დან 2015 წლამდე მადისე იყო ესტონეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის, ტოომას ჰენდრიკ ილვესის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში. პარალელურად, აკადემიურ საქმიანობას ეწეოდა და ესტონეთის რამდენიმე უნივერსიტეტში საჯარო და საკონსტიტუციო სამართლის პროფესორად მუშაობდა.

2015 წლის 31 მარტს, მადისემ იუსტიციის კანცლერის თანამდებობა დაიკავა. ამ პოსტზე იგი აქტიურად იცავდა ინდივიდუალურ თავისუფლებებს, აკრიტიკებდა ზედმეტ რეგულაციებს და ინარჩუნებდა უპარტიო პოზიციას.
საკონსტიტუციო მოვალეობების მიღმა, მადისე აქტიურად ქომაგობს ესტონურ ენას. ამასთან, იგი მტკიცედ უჭერს მხარს სიცხადეს საჯარო კომუნიკაციის დროს.
მადისე სამართლიანად მიიჩნევა ესტონეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საჯარო მოხელედ. ამ კუთხით მისი ავტორიტეტი განსაკუთრებით კარგად წარმოჩინდა 2026 წლის ზაფხულში, როდესაც ესტონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ის ერთ-ერთ მთავარ უპარტიო კანდიდატად დასახელდა და მის კანდიდატურას რამდენიმე მსხვილმა პარტიამ დაუჭირა მხარი.
იგი დაქორწინებულია ლაური მადისეზე, რომელიც ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს საერთო სასამართლოს მოსამართლეა.