ესტონეთის მოქალაქემ აშშ-ის სასამართლოში რუსეთისთვის ელექტრონული საქონლის უკანონოდ მიწოდება აღიარა
აშშ-სა და ესტონეთის დროშები (საილუსტრაციო ფოტო)
ესტონეთის მოქალაქემ აშშ-ის სასამართლოს წინაშე აღიარა, რომ თითქმის ათი წლის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო სექტორისთვის ელექტრონულ კომპონენტებს უკანონოდ მოიპოვებდა და მომხმარებლებს უშუალოდ აწვდიდა. მას 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
აშშ-ის პროკურატურის ცნობით, ესტონეთის მოქალაქე ანდრეი შევლიაკოვის მიერ შემუშავებული საექსპორტო კონტროლის გვერდის ავლის სქემის გამოყენებით, შეერთებული შტატებიდან უკანონოდ 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ელექტრონული კომპონენტები გაიტანეს, რომელიც „მგრძნობიარე“ (sensitive) კატეგორიას მიეკუთვნებოდა.
სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, შევლიაკოვს აკრძალული ჰქონდა ვაჭრობის დეპარტამენტის ნებართვის გარეშე აშშ-დან ნებისმიერი პროდუქტის გატანა, თუმცა ამერიკული საექსპორტო შეზღუდვებისთვის თავის არიდებას ის წლების განმავლობაში სისტემატურად ახერხებდა.
სამართალდამცავებმა ის 2023 წელს დააკავეს, ხოლო 2025 წლის აგვისტოში აშშ-ს გადასცეს.
დანაშაულის აღიარება
წინა კვირაში შევლიაკოვმა საექსპორტო წესების დარღვევის მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობა აღიარა. აშშ-ის პროკურატურის განცხადებით, ის იყო შესყიდული საქონლის მიმწოდებელი ქსელის წევრი, რომელიც რუსეთის სამხედრო და სახელმწიფო კონტრაქტორებისთვის „მგრძნობიარე“ ელექტრონულ კომპონენტებს მოიპოვებდა.
შევლიაკოვს 40 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გარდა ამისა, იგი დათანხმდა სახელმწიფოსთვის დაახლოებით 1,5 მილიონი დოლარის გადაცემას.
„ბრალდებული თითქმის ათი წლის განმავლობაში მართავდა უცხოური შესყიდვების ქსელს და მტრულად განწყობილ რუს სამხედრო სტრუქტურებს აშშ-ის მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებს აწვდიდა, რითაც ზიანს აყენებდა როგორც ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების, ისე ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოების ინტერესებს,“ – განაცხადა ამერიკელმა პროკურორმა, ნოჩელამ.
მისივე თქმით, შევლიაკოვის მიერ „დანაშაულის აღიარება აჩვენებს, რომ ჩვენი უწყება სამართლებრივ დევნას გაანხორციელებს ყველა იმ პირის მიმართ, ვინც რუსეთს ამერიკული ტექნოლოგიების უკანონოდ მოპოვებაში ეხმარება, მიუხედავად იმისა, ვინ არიან ისინი ან სად ცხოვრობენ“.
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს (FBI) ჰიუსტონის ოფისის სპეციალური აგენტის, ჰადსონის განცხადებით, შევლიაკოვის დაკავება მასშტაბური გამოძიების დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი, რომელიც დაახლოებით 14 წლის წინ დაიწყო.
ფიქტიური კომპანიები და რუსი მომხმარებლები
აშშ-ის პროკურატურის ცნობით, შევლიაკოვი ამერიკელ მწარმოებლებსა და მომწოდებლებს ატყუებდა და „მგრძნობიარე“ ტექნოლოგიასა და ელექტრონულ კომპონენტებს რამდენიმე ფიქტიური კომპანიის საშუალებით იძენდა.
შემდეგ ის ამ პროდუქციას რუსეთში საბოლოო მომხმარებლებს – მათ შორის, თავდაცვის უწყების კონტრაქტორებსა და სახელმწიფო სამსახურებს – აწვდიდა.
გამოძიების თანახმად, შევლიაკოვმა იცოდა, რომ იმ პირთა სიაში იყო შეყვანული, ვის მიმართაც შეზღუდვა იყო დაწესებული, თუმცა აშშ-ის საექსპორტო კონტროლის წესებს შეგნებულად არღვევდა.
ერთ-ერთ შემთხვევაში, მან ამერიკულ კომპანიას „მგრძნობიარე“ ელექტრონული კომპონენტების შეკვეთა გაუგზავნა, თუმცა კომპანიამ გაყიდვაზე უარი უთხრა და აცნობა, რომ იგი „იურიდიულ პირთა სიაში“ (Entity List), ანუ ე.წ „შავ სიაში“ იყო შეყვანილი. ამის შემდეგ შევლიაკოვმა შეკვეთა გააუქმა, თუმცა რამდენიმე დღეში იგივე პროდუქცია ელექტრონული ფოსტის სხვა მისამართითა და ყალბი სახელით კვლავ შეუკვეთა.
რუსი მომხმარებლებისთვის მოპოვებულ კომპონენტებს შორის იყო დაბალი ხმაურის მქონე pre-scaler-ები და სიხშირის სინთეზატორები, რომლებიც მაღალი სიხშირის საკომუნიკაციო სისტემებში გამოიყენება.
მან ასევე მოიპოვა ანალოგურ-ციფრული გარდამქმნელები (analog-to-digital converters), რომლებიც თავდაცვით სისტემებში, მათ შორის საავიაციო ელექტრონიკაში, რაკეტებსა და რადიოელექტრონულ სისტემებში გამოიყენება.
პროკურატურის ინფორმაციით, შევლიაკოვი, მის მიერ მოპოვებულ მგრძნობიარე კომპონენტებთან დაკავშირებით, აქტიურად მიმოწერას აწარმოებდა რუსეთის თავდაცვის კონტრაქტორებთან და სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან.
ესტონეთ-რუსეთის საზღვარი 100-ზე მეტჯერ გადაკვეთა
მოპოვებული ტექნოლოგიის გადასატანად, შევლიაკოვი ესტონეთსა და რუსეთს შორის ხშირად გადაადგილდებოდა.
2010-2016 წლების სასაზღვრო მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდში მან ესტონეთ-რუსეთის საზღვარი 100-ზე მეტჯერ გადაკვეთა, მათ შორის ხშირად – ერთდღიანი ვიზიტებით.
ფინეთის მთავრობის მიერ მიწოდებული ჩანაწერების თანახმად, ფინეთის ხელისუფლებამ იგი მაშინ დააკავა, როდესაც ელექტრონიკის რუსეთში კონტრაბანდულად შეტანას ცდილობდა.
შევლიაკოვმა საბაჟო დეკლარაცია ვერ წარადგინა, რის შემდეგაც ფინელმა მესაზღვრეებმა მისი ავტომობილი გაჩხრიკეს და მანქანის სხვადასხვა ნაწილში დამალული, დაახლოებით 70 000 ევროს ღირებულების ელექტრონიკა აღმოაჩინეს.