ესტონეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოსკოვთან კავშირების აკრძალვის კანონი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა
პიუხტიცის დედათა მონასტერი კურემიაეში (იდა-ვირუმაას მაზრა) / ფოტოს ავტორი: ტატიანა ნოვიკოვა
ესტონეთის ქრისტიანულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ და იდა-ვირუმაას მაზრის სოფელ კურემიაეში მდებარე პიუხტიცის დედათა მონასტერმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრები შეიტანეს კანონის წინააღმდეგ, რომელიც მათ მოსკოვთან კავშირების გაწყვეტას ავალდებულებს.
კანონი, რომელიც ესტონეთის უზენაესმა სასამართლომ 8 ივნისს დაამტკიცა, ეკლესიას ავალდებულებს, მოსკოვთან ადმინისტრაციული კავშირები 28 დეკემბრამდე გაწყვიტოს და ახალი მიტროპოლიტი დანიშნოს.
ეკლესიის ადვოკატის განმარტებით, თუ ეს კავშირები აღნიშნულ ვადამდე არ გაწყდება, შინაგან საქმეთა მინისტრი მათი იძულებითი გაწყვეტის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.
„ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეალური მიზანია, ადგილობრივმა მართლმადიდებელმა მორწმუნეებმა უარი თქვან თავიანთ რელიგიურ კავშირებზე ეკლესიასთან, რომელიც ათას წელზე მეტია არსებობს“, – ამბობს ეკლესიისა და მონასტრის ინტერესების უფლებამოსილი დამცველი, ადვოკატი არტურ კნიაზევი.
„ეკლესიასა და მონასტერს, უბრალოდ, დოკუმენტის შესწორებას არ სთხოვენ, – განმარტა მან, – მართლმადიდებელ ქრისტიანობაში შეუძლებელია, თვითნებურად შეცვალო ეკლესიის წესები და, ამავდროულად, მართლმადიდებლად დარჩე. ნებისმიერი, ვინც ამას აკეთებს, უარს ამბობს იმ რწმენაზე, რომელიც აირჩია და რომელსაც აქამდე ჭეშმარიტად მიიჩნევდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუძლებელ არჩევანს სთავაზობს მორწმუნეებს – აირჩიეთ სხვა ეკლესია ან ბოლოს მოვუღებთ თქვენს ახლანდელ საქმიანობას“.
„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია რელიგიის თავისუფლების იმ ასპექტს, რომელიც ადამიანის მრწამსს ეხება, აბსოლუტურ უფლებად მიიჩნევს. სახელმწიფოს შეუძლია დაარეგულიროს, თუ როგორ ხორციელდება რელიგიური აღმსარებლობა საჯაროდ, თუმცა მას არ აქვს უფლება, აიძულოს ადამიანი, შეიცვალოს რწმენა. სწორედ ეს ხდება ახლა“, – დასძინა კნიაზევმა.
8 ივნისს, უზენაესმა სასამართლომ პლენარულ სხდომაზე კანონს მხარი დაუჭირა და ის განმარტა, როგორც ადმინისტრაციული და არა რელიგიური კავშირების აკრძალვა. თუმცა, 17 მოსამართლიდან ექვსმა, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, განსხვავებული აზრი დააფიქსირა და მიიჩნია, რომ კანონი ვერ აკმაყოფილებდა სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპს.
„კონცეფცია, რომლის მეშვეობითაც ეს კანონი „გადაარჩინეს“, თავად კანონის ტექსტში არსად გვხვდება“, – აღნიშნა ეკლესიის კიდევ ერთმა უფლებამოსილმა ადვოკატმა, სტივენ-ხრისტო ევესტუსმა.
„მთელი ამ პროცესის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ როგორც ადმინისტრაციული, ისე რელიგიური კავშირები უნდა გაწყდეს. სასამართლოს განმარტება ერთი საკითხია, ხოლო სამინისტროს რეალური მოთხოვნა – მეორე. თავად სამინისტროს პოზიციის თანახმად, ეკლესია და მონასტერი კანონით დაწესებული აკრძალვის ქვეშ ექცევიან, და სწორედ ამ საფუძვლით ხორციელდება ზეწოლა. ასეთი ზეწოლა დაუშვებელია“, – დასძინა ევესტუსმა.
„ესტონეთის არცერთ უწყებას არ დაუდგენია, რომ ეკლესიამ ან მონასტერმა რაიმე უკანონობა ჩაიდინა, – ამბობს ევესტუსი, – არ არსებობს სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება, ბრალდება ან სამართალწარმოება. არსებობს სასჯელი, თუმცა არ არსებობს დანაშაული. ჩვენს ეკლესიასა და მონასტერს არავისთვის შეუქმნიათ საფრთხე და არც ახლა ქმნიან მას. მიუხედავად ამისა, მათ რელიგიურ იდენტობაში ჩარევა მაინც ხდება“.
„მონასტერში დაახლოებით 90 მონაზონი ცხოვრობს, რომელთა საშუალო ასაკი 60 წელს აღემატება. მონაზვნები იქ 135 წელზე მეტია ლოცულობენ. ისინი ყოველთვის ლოცულობენ ჩვენი ქვეყნისთვის, ესტონეთისთვისაც. თუ 90 ხანდაზმული ქალის ლოცვას ეროვნული უსაფრთხოების შერყევა შეუძლია, მაშინ პრობლემა მონაზვნებში კი არა, სხვაგან ყოფილა საძებნი“, – მიიჩნევს კნიაზევი.
მისივე თქმით, ეკლესია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დიალოგს გააგრძელებს. სამინისტროს მონასტერი ცალკე შეხვედრაზე არ მიუწვევია.
„ეკლესიებისა და მრევლის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები ძალაში 2026 წლის 27 ივნისს შევიდა და რელიგიურ გაერთიანებებს, მისი მოთხოვნების აღსრულებისთვის, ექვსთვიანი ვადა მიეცათ.
ესტონეთის ქრისტიანულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ (ყოფილმა მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ – MPEÕK), 2025 წლის მარტში თავისი სახელწოდებიდან ამოიღო „მოსკოვის საპატრიარქო“ და ესტონეთის ქრისტიანული მართლმადიდებელი ეკლესია (EKÕK) გახდა. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ნაბიჯი სიმბოლურად და არასაკმარისად მიიჩნია, ვინაიდან ეკლესიის წესდება მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე კვლავ ითხოვდა მოსკოვის პატრიარქ კირილეს ხელმოწერას.
ესტონეთში ორი მსხვილი მართლმადიდებელი ეკლესია მოქმედებს — EKÕK და ესტონეთის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია (EAÕK), რომელიც, ისტორიულად, კონსტანტინოპოლთან არის დაკავშირებული და არა მოსკოვთან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო: კანონი უნდა აღსრულდეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს რელიგიის საქმეთა და სამოქალაქო საზოგადოების დეპარტამენტის მრჩეველმა, რინგო რინგვეემ (Ringo Ringvee) ხუთშაბათს, 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ ესტონეთი სამართლებრივი სახელმწიფოა, სადაც პრიორიტეტი კანონის უზენაესობას ენიჭება.
„ესტონეთში რელიგიის თავისუფლება გარანტირებულია და მომავალშიც ასე იქნება. სახელმწიფო არ ერევა იმაში, თუ როგორ აღასრულებს ვინმე თავის მრწამსს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობს „ეკლესიებისა და მრევლის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით, რომლებიც ზაფხულში შევიდა ძალაში და რომლებიც ესტონურ რელიგიურ გაერთიანებას უკრძალავს კავშირებს უცხო ქვეყანაში ბაზირებულ ისეთ რელიგიურ ორგანიზაციასთან ან სულიერ ლიდერთან, რომელთა საქმიანობაც საფრთხეს უქმნის ესტონეთის სახელმწიფოს“, – განაცხადა რინგვეემ.
მან ასევე დასძინა, რომ სამინისტრომ დაიწყო კონსულტაციები იმ რელიგიური გაერთიანებებთან, მათ შორის EKÕK-სთან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით დაზარალდნენ,
„გასულ კვირას ჩვენ შევხვდით EKÕK-ის წარმომადგენლებს და შევთანხმდით, რომ დავიწყებდით წესდებით გათვალისწინებული კავშირების გადახედვას. ამდენად, გასაკვირია EKÕK-ისა და პიუხტიცის დედათა მონასტრის ადვოკატების განცხადება, თითქოს შინაგან საქმეთა მინისტრს მტკიცედ აქვს განზრახული სასამართლოში ჩივილი, მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული სუბიექტების იძულებითი დაშლის მოთხოვნით. ჩვენ ამჟამად დიალოგის ეტაპზე ვართ. თუმცა, ამავდროულად, მტკიცედ მოვითხოვთ, რომ კანონი აღსრულდეს“, – ამბობს რინგვეე.
მისი თქმით, ესტონეთში ყველას აქვს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება.
„ესტონეთში 600-მდე რელიგიური გაერთიანება მოქმედებს და მხოლოდ EKÕK-მა, რომელიც ადმინისტრაციულად არის დაკავშირებული მოსკოვის საპატრიარქოსთან, გაასაჩივრა კანონი, რომელიც უზენაესმა სასამართლომ კონსტიტუციურად ცნო“, – განაცხადა რინგვეემ.
იგი განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ შეაფასებს მედიაში წარმოდგენილ არგუმენტებს, ვინაიდან მის უწყებას საჩივრის ტექსტი არ უნახავს. „ადვოკატების მიერ გავრცელებული პრესრელიზის საფუძველზე საჩივრის ტექსტზე მსჯელობა არ შეგვიძლია. გარდა ამისა, ამ საჩივართან დაკავშირებით არც ერთ სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის განხილვაში არ ჩაურთავს, ამიტომ უწყება ამ ეტაპზე არც რაიმე ნაბიჯის გადადგმას გეგმავს“, – დასძინა რინგვეემ.