ესტონეთის იუსტიციის მინისტრი - საქართველო ნამდვილად იმსახურებს, გახდეს ევროპის, ევროკავშირის ნაწილი, იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ასეც მოხდება, რადგან პროგრესი მართლაც გასაოცარია
ესტონეთის იუსტიციის მინისტრი - საქართველო ნამდვილად იმსახურებს, გახდეს ევროპის, ევროკავშირის ნაწილი, იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ასეც მოხდება, რადგან პროგრესი მართლაც გასაოცარია

საქართველოსა და ესტონეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთობის გაფართოებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხები განიხილეს ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა დუბლინში გამართულ შეხვედრაზე.

ირლანდიაში რატი ბრეგაძე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტერიალში მონაწილეობის მიზნით იმყოფება.

რატი ბრეგაძემ ლეა დანილსონ-იარგს ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება და მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა. ამ მიზნით მან ესტონელი კოლეგა თბილისში მოიწვია. რატი ბრეგაძის თქმით, დოკუმენტი შექმნის მყარ ნიადაგს მჭიდრო თანამშრომლობისათვის მართლმსაჯულების, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროში და ხელს შეუწყობს ახალი ინიციატივების მყისიერ იმპლემენტაციას.

შეხვედრაზე რატი ბრეგაძემ ლეა დანილსონ-იარგს მადლობა გადაუხადა ესტონეთის მხრიდან საქართველოსთვის გაწეული დახმარებისათვის ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე და გამოთქვა რწმენა, რომ ჩვენს ქვეყანას კვლავაც ექნება ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პროცესში.

„საინტერესო დიალოგი გვქონდა ესტონელ კოლეგასთან არსებული ურთიერთობებისა და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ პერსპექტივებზე. ესტონეთი საქართველოს მეგობარი და მხარდამჭერი სახელმწიფოა. შესაბამისად, გამოვთქვამთ იმედს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, რომელიც მიმართულია სამართლებრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე, აუცილებლად მოუტანს წარმატებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, − განაცხადა შეხვედრის შემდეგ რატი ბრეგაძემ.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა ესტონეთის იუსტიციის მინისტრმაც.

„საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ევროინტეგრაციის პროცესში. ის ნამდვილად იმსახურებს, გახდეს ევროპის, ევროკავშირის ნაწილი და დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ასეც მოხდება, რადგან პროგრესი მართლაც გასაოცარია“, – განაცხადა ესტონეთის იუსტიციის მინისტრმა.

შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და მოადგილე ბექა ძამაშვილი.

ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.