ესტონეთის დაზვერვის ინფორმაცია: რუსული თავდასხმების შემდეგ, უკრაინის პორტებიდან გემების მიმოსვლა მთლიანად შეჩერდა

15:33, 01.08.2026
უკრაინის დროშა ესტონეთის დროშის ფონზე

უკრაინის დროშა ესტონეთის დროშის ფონზე

ესტონეთის თავდაცვის ძალების დაზვერვის ცენტრის ცნობით, ოდესის ოლქის პორტებიდან გემების მიმოსვლა „მთლიანად შეჩერდა“, რადგან, რუსული თავდასხმების შემდეგ, გემთმფლობელებს არ სურთ, რომ მათი ხომალდები რისკის ქვეშ დადგნენ და ამ პორტებში შევიდნენ.

როგორც ესტონეთის თავდაცვის ძალების დაზვერვის ცენტრის ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული, ირანულ სატვირთო გემზე უკრაინული დრონის თავდასხმის შემდეგ, ამ კვირაში ომის მთავარი მოვლენად უკრაინასა და ირანს შორის ურთიერთობების გაუარესება, ასევე უკრაინასა და რუსეთს შორის საშუალო და შორ მანძილზე განხორციელებული ზუსტი და ინტენსიური ორმხრივი დარტყმები იქცა.

უკრაინასა და ირანს შორის ურთიერთობების გაუარესება

დაზვერვის ცენტრის ცნობით, კასპიის ზღვაში ირანულ სავაჭრო გემზე უკრაინული დრონის თავდასხმის შემდეგ, საყურადღებო იყო თეირანის რეაქცია.

მიუხედავად იმისა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბრის შედეგად დაძაბულობა შემსუბუქდა, ამ უკანასკნელმა მაინც განაცხადა, რომ უკრაინამ თავდასხმის შედეგად მიყენებული ზარალი უნდა აანაზღაუროს.

ირანი რუსეთს, ომის განმავლობაში, დრონების ტექნოლოგიით, რაკეტებით, საბრძოლო მასალითა და სხვა სამხედრო აღჭურვილობით ამარაგებს. დაზვერვის ცენტრის ინფორმაციით, ირანი, რუსეთთან, ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთთან ერთად, იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც განსაკუთრებით არიან დაინტერესებულნი ამჟამინდელი მსოფლიო წესრიგის შეცვლით.

„ირანის სარაკეტო არსენალი თეირანს უკრაინაზე თავდასხმის შესაძლებლობას აძლევს,“ – ხაზგასმულია ესტონეთის თავდაცვის ძალების დაზვერვის ცენტრის მიმოხილვაში.

რუსული დარტყმების შემდეგ, უკრაინის პორტების მუშაობა გაჩერებულია

დაზვერვის ცენტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება ოდესის ოლქში არსებულ უკრაინის პორტებზე რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე, რამაც 22 ივლისის შემდეგ „მთლიანად შეაჩერა“ გემების მიმოსვლა. უკრაინამ ეს საკითხი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დააყენა.

„სიტუაცია სერიოზულია, რადგან უკრაინას თავისი სოფლის მეურნეობის პროდუქციის 90 პროცენტი შავი ზღვის პორტების მეშვეობით გააქვს ექსპორტზე. გემების მიმოსვლა ოფიციალურად არ შეჩერებულა, მაგრამ ბევრი გემთმფლობელი თავის ხომალდებს უკრაინის პორტებში შესვლის ნებას არ აძლევს,“ – ნათქვამია დაზვერვის ცენტრის მიმოხილვაში.

„რადგან გემებს პორტებიდან მარცვლეული ვეღარ გააქვთ, უკრაინამ ასევე შეზღუდა მარცვლეულით დატვირთული მატარებლების ოდესისკენ გადაადგილება. საზღვაო ტრანსპორტის შეფერხების დასაბალანსებლად, უკრაინა ატარებს ზომებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის რკინიგზით ექსპორტირებისთვის, მაგრამ მისი დაბალი გამტარუნარიანობა საზღვაო ტრანსპორტის გაჩერების კომპენსერებას სრულად ვერ ახდენს“.

საწვავის დეფიციტი უკვე რუსეთის ფრონტის ხაზსაც დაეტყო

მიმოხილვაში ასევე საუბარია რუსეთის მასშტაბით „ვაიდბერიზის“ საწყობებსა და საწვავის ინფრასტრუქტურაზე, ასევე კიროვის ოლქში მდებარე სამხედრო ქარხანა „ავიტეკზე“ უკრაინის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე.

„რუსეთის საწვავის ინდუსტრიაზე უკრაინის თავდასხმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეები, სხვადასხვა შეფასებით, 20-40 პროცენტით შეამცირა. ასევე საჯაროდ გავრცელდა ცნობები უკრაინაში მებრძოლი რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში საწვავის დეფიციტის შესახებ,“ – აცხადებს დაზვერვის ცენტრი.

ამავე უწყების ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ წარადგინა გეგმები შორ მანძილზე დარტყმების დიაპაზონის შემდგომი გაზრდისა და იმ სამიზნეებზე თავდასხმის შესახებ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ დღემდე მიუწვდომელი რჩება.

 

სტატიის ავტორი: ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR -Eesti Rahvusringhääling)

ფოტოს ავტორი: სიიმ ლიოვი, ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 31 ივლისი, 2026 წელი, 13:35 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი