ესტონეთის დაზვერვა: რუსეთში საწვავის დეფიციტმა, შესაძლოა, ქვეყანაში რეპრესიების გაძლიერება გამოიწვიოს

16:48, 17.07.2026
ესტონეთის თავდაცვის ძალების დაზვერვის ცენტრის ხელმძღვანელი, ანტს კივისელგი

ესტონეთის თავდაცვის ძალების დაზვერვის ცენტრის ხელმძღვანელი, ანტს კივისელგი

შორ მანძილზე მოქმედი იარაღით უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა საწვავის დეფიციტი გამოიწვია, რომელიც, სავარაუდოდ, დიდხანს გაგრძელდება. ენერგოკრიზისი, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს რუსეთის სახელმწიფო დუმის მოახლოებულ არჩევნებზე და ქვეყანაში რეპრესიებს გაზრდის – ეს განცხადება 17 ივლისს გამართულ ყოველკვირეულ ბრიფინგზე ესტონეთის თავდაცვის ძალების დაზვერვის ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ანტს კივისელგმა გააკეთა.

 

კივისელგის თქმით, 10 ივლისიდან მოყოლებული, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანა იერიში, რამაც წარმოება მნიშვნელოვნად შეამცირა.

მედიის ინფორმაციით, ავტოგასამართ სადგურებთან რიგები უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდება.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, ენერგეტიკული კრიზისი დროებით მოვლენად წარმოაჩინოს, რომელიც მალე დასრულდება, ბევრისთვის უკვე ცხადი ხდება – უკრაინის მიერ რუსეთისთვის მიყენებული ზიანი მასშტაბურია და მის შედეგებს ქვეყანა კიდევ დიდხანს იგრძნობს“, – აღნიშნა კივისელგმა.

„რუსულ საზოგადოებაში მზარდმა სოციალურმა დაძაბულობამ და პუტინის რეჟიმის პოპულარობის მკვეთრად დაცემამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების ბედზე, ამ არჩევნების ფართომასშტაბიანი ფალსიფიცირების პირობებშიც კი“, – განაცხადა მან.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, ძალაუფლების ვერტიკალს, რომლის ლეგიტიმურობაც სულ უფრო ვიწროვდება, კონტროლის შესანარჩუნებლად, კიდევ უფრო ტოტალიტარული და რეპრესიული ზომების გამოყენება მოუწევს“.

უკრაინამ 150 რუსულ გემს დაარტყა

ბრიფინგზე კივისელგმა აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტის რეგიონში უკრაინის მიერ რუსულ გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზეც ისაუბრა.

„ოკუპირებულ ყირიმსა და დონბასში რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების ნეიტრალიზაციისკენ მიმართულმა უკრაინის ძალისხმევამ, კიევს ოპერაციული თავისუფლების ისეთი ფართო ფანჯარა გახსნა, რომ უკრაინამ ფაქტობრივად სულ რაღაც ოთხ დღეში შეძლო აზოვის ზღვაში რუსეთის ნავიგაციისთვის თავისუფლების აღკვეთა“, – აღნიშნა ესტონეთის თავდაცვის ძალების დაზვერვის ცენტრის ხელმძღვანელმა.

„თითქმის ორკვირიანმა ოპერაციის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა „მოლოჩკა“ (Molotshka) აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტის ზონაში მყოფ დაახლოებით 150 მოქმედ გემზე განხორციელდა დარტყმა, რამაც ეს რეგიონი რუსეთისთვის სრულიად გამოუსადეგარი გახადა“.

ესტონელი პოლკოვნიკის თქმით, უკრაინის მიერ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების წინააღმდეგ უპილოტო საზღვაო დრონების გამოყენებამ მოსკოვი იძულებული გახადა, შეწყვიტოს აზოვის ზღვის გამოყენება და მხოლოდ შავი ზღვის სანაოსნო მარშრუტები გამოიყენოს, სადაც ის ასევე „გაზრდილი რისკების“ წინაშე დგას.

„უკრაინამ ასევე აიძულა რუსეთი, რომ თავისი კომერციული ნაკადების სხვა სატრანსპორტო სახეობებსა და მარშრუტებზე გადამისამართების აუცილებლობა საჯაროდ ეღიარებინა“, – განაცხადა კივისელგმა.

რუსეთის ეკონომიკისთვის მიყენებული „ტკივილის“ მასშტაბი და ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებზე მისი გავლენა რუსეთის საპასუხო ქმედებებშიც აისახა – შორი მოქმედების დარტყმები ბოლო სამი დღის განმავლობაში არა მხოლოდ კიევის წინააღმდეგ, არამედ ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურისა და პორტში შემავალი გემების მიმართაც ხორციელდებოდა.

 

სტატიის ავტორი: ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR – Eesti Rahvusringhääling)

ფოტოს ავტორი: სიიმ ლიოვი, ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 17 ივლისი, 2026, 13:03 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი