ესტონეთის დაზვერვა: რუსეთის სამხედრო ავიაციას, უკრაინის იერიშების შემდეგ, შესაძლოა, საწვავის პრობლემები შეექმნას

13:15, 12.07.2026
ესტონეთის თავდაცვის ძალების დაზვერვის ცენტრის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ანტს კივისელგი

ესტონეთის თავდაცვის ძალების დაზვერვის ცენტრის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ანტს კივისელგი

ესტონეთის თავდაცვის ძალების დაზვერვის ცენტრის ხელმძღვანელის, პოლკოვნიკ ანტს კივისელგის განცხადებით, მუშაობა შეაჩერა ომსკის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, რომელიც გასულ წლებში რუსეთისთვის საჭირო საავიაციო საწვავის დაახლოებით 15 პროცენტს აწარმოებდა.

 

კივისელგის თქმით, გასული კვირის განმავლობაში უკრაინამ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, სულ მცირე, 9 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ტერმინალზე მიიტანა იერიში.

„ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა მეტად მნიშვნელოვან ამბად უნდა ჩაითვალოს. ის რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ობიექტია. ომსკის ქარხანა აწარმოებდა ბენზინს, დიზელს და ასევე საავიაციო საწვავს, რომელსაც რუსეთის არმია იყენებს. გარდა ამისა, ის არის კრეკინგის კატალიზატორების ერთადერთი მწარმოებელი, რაც აუცილებელია ნავთობის მეორადი გადამუშავებისთვის. ამიტომ, ომსკის ქარხანაზე დარმა უდავოდ სხვა ქარხნების მუშაობაზეც აისახება, რომლებიც მაღალი ხარისხის ბენზინს, დიზელსა და საავიაციო საწვავს აწარმოებენ“, – აღნიშნა მან.

„ჩვენ ვიცით, რომ გასულ წლებში მხოლოდ ომსკის ქარხანა რუსეთის საავიაციო საწვავის დაახლოებით 15 პროცენტს აწარმოებდა. ახლა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა, რაც უახლოეს მომავალში, შესაძლოა, უშუალოდ აისახოს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შესაძლებლობებზე“, – განაცხადა კივისელგმა.

მისი თქმით, ომსკზე დარტყმა აჩვენებს, რომ შორი მოქმედების დარტყმების განხორციელების შესაძლებლობებს უკრაინა კვლავაც აუმჯობესებს. ეს ასევე იმის ილუსტრაციაა, რომ რუსეთის ფედერაციას არ შეუძლია, საკუთარი საჰაერო ძალებით დაიცვას საკვანძო ტერიტორიები და ობიექტები.

უკრაინული დარტყმები კუმულაციური ეფექტის დემონტრირებას ახდენს

„კიევის მტკიცებით, 2026 წლის ივლისის დასაწყისისთვის, უკრაინის თავდასხმების შედეგად, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის დაახლოებით 40 პროცენტი მწყობრიდან გამოვიდა, ხოლო გასული წლის განმავლობაში მოსკოვს 13,5 მილიარდ დოლარის ოდენობის ფინანსური ზარალი მიადგა“, – ამბობს კივისელგი.

„ამ დარტყმების კუმულაციურ ეფექტს, სავარაუდოდ, მომავალ თვეებში ვიხილავთ. რუსეთი ნავთობპროდუქტების ექსპორტიორიდან თხევადი საწვავის იმპორტიორად იქცა და ეს იმპორტირებული მოცულობები მისი შიდა მოხმარების საჭიროებებსაც კი ვერ ფარავს“, – აღნიშნა მან.

უკრაინაში გასული კვირას განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, კივისელგმა თქვა, რომ ბრძოლის ველზე ზეწოლა, ძირითადად, კვალავ დონეცკის ოლქზე, კერძოდ კი კონსტანტინოვკას, ლიმანისა და პოკროვსკის მიმართულებებზე შენარჩუნდა.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციამ საბრძოლო აქტივობა დღეში დაახლოებით 270 შეტაკებამდე გაზარდა, ფრონტზე მას მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არ მიუღწევია“, – შენიშნა ესტონეთის თავდაცვის ძალების დაზვერვის ცენტრის ხელმძღვანელმა.

კივისელგის თქმით, რუსეთი, სახმელეთო შეტევების მხარდასაჭერად, დღეში დაახლოებით 8 500-დან 10 000-მდე ტაქტიკურ უპილოტო დამრტყმელ სისტემას იყენებდა – დრონებმა სხვადასხვა სამიზნეზე 3 000 იერიში განახორციელეს. დრონების ამ თავდასხმების მხარდასაჭერად, დღეში დაახლოებით 90 ტაქტიკური საბრძოლო ფრენა ხორციელდებოდა. ამ ფრენების დროს, უკრაინაში ფიქსირებულ სამიზნეებზე საშუალოდ 280 მართვადი ბომბი ჩამოაგდეს.

კივისელგმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებების მიუხედავად, რომლის თანახმად, ფრონტზე დიდი წარმატებებია მიღწეული და ეს კონსტანტინოვკას აღებაში გამოიხატება, რუსეთს არსებითი მიღწევები არ აქვს. მისივე შეფასებით, რუსეთის მიერ შორ მანძილზე განხორციელებული რამდენიმე ტერორისტული თავდასხმა ბრძოლის ველზე წარუმატებლობისა და იმედგაცრუების გამოხატულებაა.

კივისელგის თქმით, ამ თავდასხმების დროს, უკრაინას რუსული ბალისტიკური რაკეტების განეიტრალების პრობლემა ჰქონდა.

„ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო „პეტრიოტის“ ტიპის საბრძოლო მასალის დეფიციტმა, რომელიც უკრაინას აქვს, რუსეთს ბალისტიკური რაკეტების გამოყენების რაოდენობის შემცირების საშუალება მისცა. ივნისში რუსეთი ერთ თავდასხმაზე საშუალოდ 40 ბალისტიკურ რაკეტას იყენებდა, ივლისის დასაწყისში კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით მესამედით, 30-მდე შემცირდა. რუსეთი, სავარაუდოდ, მიიჩნევს, რომ იგივე ეფექტის მიღწევა ნაკლები რაკეტითაც შეუძლია“, – ამბობს კივისელგი.

უკრაინა შორ მანძილზე დარტყმის სამიზნეების არეალს და მოქმედების რადიუსს აფართოებს

კივისელგმა აღნიშნა, რომ უკრაინამ მნიშვნელოვნად გაზარდა როგორც შორ მანძილზე დარტყმის სამიზნეების რაოდენობა, ისე მათი მოქმედების დიაპაზონი.

„ეს შეიძლება ორ მთავარ კამპანიად დაიყოს: პირველი – ყირიმის ნახევარკუნძულის იზოლირება, და მეორე – რუსეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და საექსპორტო პოტენციალის განადგურება. ამ სისტემატური დარტყმების შედეგად, უკრაინა თავს დაესხა, სულ მცირე, 6 აეროდრომს, გაანადგურა ან დააზიანა, სულ მცირე, 7 საბრძოლო თვითმფრინავი და „შაჰედის“ ტიპის დრონების უცნობი რაოდენობა“.

„სამიზნეებს შორის კვლავ რჩება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და პორტები, მათ შორის – უსტ-ლუგისა და ვისოცკის საზღვაო პორტები ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში. ქერჩის რაიონში დარტყმა განხორციელდა საბორნე ტერმინალზე, ხოლო აზოვის ზღვაში თავდასხმა, სულ მცირე, 19 გემზე მოხდა, რომლებიც ყირიმს საწვავითა თუ სხვა სამხედრო მარაგით უზრუნველყოფდნენ. ყირიმსა და აზოვის ზღვაში განხორციელებული ეს დარტყმები შეიძლება შედარებით წარმატებულად ჩაითვალოს“, – განაცხადა კივისელგმა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინა ასევე განაგრძობდა თავდასხმებს ოკუპირებულ ყირიმში არსებულ ქვესადგურებსა და ინფრასტრუქტურაზე, რამაც ელექტროენერგიის რამდენიმე მასშტაბური გათიშვა გამოიწვია.

რუსეთი უკრაინის წარმატებებს საინფორმაციო ომით პასუხობს

კივისელგის განცხადებით, უკრაინის მიერ შორ მანძილზე განხორციელებულ წარმატებულ დარტყმებზე რუსეთი მკვეთრად რეაგირებს. „ისინი იყენებენ მტრულ ანტიდასავლურ რიტორიკას, მუქარასა და დემაგოგიას. მთავარი ბრალდება არის ის, რომ უკრაინის წარმატება დასავლური დახმარებისა და მხარდაჭერის შედეგია“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, რუსეთის მტრული ნარატივების სამიზნედ ასევე იქცნენ ბალტიის ქვეყნები და ფინეთი; კრემლი ამტკიცებს, რომ ეს სახელმწიფოები უკრაინას საკუთარ საჰაერო სივრცეს რუსეთზე დარტყმების განსახორციელებლად უთმობენ, ასევე ავრცელებს ბრალდებებს რუსულენოვანი მოსახლეობის მასობრივი დეპორტაციის გეგმების შესახებ და ირწმუნება, რომ ლიეტუვასა ან ფინეთში ბირთვული იარაღის განთავსება მიმდინარეობს.

მან ასევე დასძინა, რომ 7 ივლისს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა და მრავალმხრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გრიგორი ლუკიანცევმა, სიცრუეზე დაფუძნებით განაცხადა, თითქოს ბალტიის ქვეყნები რუსულენოვანი მოსახლეობის მასობრივ დეპორტაციას ამზადებენ.

„ყველა ეს განცხადება კოორდინირებული საინფორმაციო-საოპერაციო ამოცანების შესრულებას ემსახურება, რაც, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს დასავლეთში კონფლიქტის ესკალაციის შიშის გაჩენას და უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის ერთიანი ფრონტის შესუსტებას“, – მიიჩნევს კივისელგი.

„სწორედ ამ ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ ბოლო დროს გამართული საჯარო დისკუსიები ბალტიის ქვეყნების მიმართ რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების ან თუნდაც სამხედრო მზადების შესახებ. ეს არის რუსეთის საინფორმაციო ომის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს დასავლურ საზოგადოებებზე გავლენის მოხდენას. ამ ეტაპზე ჩვენ კვლავ ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან სამხედრო სამზადისს, რომელიც უახლოეს მომავალში ბალტიის ქვეყნებში ან ამ რეგიონში სამხედრო ოპერაციის ჩატარებაზე მიანიშნებდა“, -დასძინა კივისელგმა.

 

სტატიის ავტორი: ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR Eesti Rahvusringhääling)

ფოტოს ავტორი: პრიიტ მიურკი, ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი

 თავდაპირველად გამოქვეყნდა: 10 ივლისი, 2026, 12:38 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი