ესტონეთის ბანკის ექსპერტი: რუსეთის ეკონომიკა სტაგნაციას უახლოვდება
ესტონეთის ბანკის ექსპერტი, პეეტერ ლუიკმელი
ესტონეთის ბანკის ექსპერტი, პეეტერ ლუიკმელი ამბობს, რომ უკრაინული ავიაიერიშების, დასავლური სანქციებისა და ომით გამოწვეული დანაკარგების გამო, რუსეთის ეკონომიკა სერიოზულ ზეწოლას განიცდის, თუმცა ეკონომიკაში შექმნილი პრობლემების საუკეთესო ინდიკატორი მაინც ბიზნესის მიმართ ნდობის დაქვეითებაა.
„როგორც წესი, ყველაზე უკეთ ეს ნდობის ვარდნაში აისახება. რუსეთში შეგროვებული სტატისტიკის თანახმად კი, ბოლო დროს რუსული კომპანიების ნდობის მაჩვენებლები ძალიან დაეცა“, – აღნიშნა ლუიკმელმა, რომელიც ესტონეთის ბანკის მონეტარული პოლიტიკისა და საგარეო ეკონომიკის ქვეგანყოფილების ხელმძღვანელია.
„თუ ადრე ამ ყველაფრის მიზეზი, ძირითადად, მუშახელის დეფიციტი იყო, ახლა გადამწყვეტ როლს თამაშობს ფინანსური მდგომარეობა – ანუ კომპანიების დაფინანსების პირობები. ადრე სახელმწიფოს შედარებით წარმატებით შეეძლო ამ პროცესებზე ზემოქმედება ნავთობიდან მიღებული შემოსავლების, სუბსიდიებისა და სახელმწიფო შეკვეთების მეშვეობით. თუმცა, ეს პერსექტივები დღეს ისეთი იმედისმომცემი უკვე აღარ არის, როგორც ერთი წლის წინათ,“ – დასძინა მან.
ლუიკმელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულზე რუსეთის ხელისუფლება მიმდინარე წლისთვის 1-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა, ბოლო მონაცემები 0.6%-იან ზრდაზე მიუთითებს, რაც რუსეთისთვის უკვე სტაგნაციას ნიშნავს.
„თუ მაჩვენებელი ამ დონემდე მართლა შემცირდება, მაშინ შეგვეძლება ვთქვათ, რომ ასეთი ნელი ეკონომიკური ზრდა რუსეთში ბოლოს 2016 წლისთვის დაფიქსირდა. თუმცა, მაშინ ყირიმის შედარებით წარუმატებელი ანექსია უკვე დასრულებული იყო და კრემლის ამ აგრესიული ქმედებისთვის დაწესებულ ეკონომიკური სანქციებს ნავთობზე შედარებით დაბალი ფასიც დაემთხვა“, – განმარტა მან.
ლუიკმელის თქმით, თუ წინა წლებში ეკონომიკის ზრდას გაბერილი სამხედრო ხარჯები განაპირობებდა, რომელიც ფედერალური ბიუჯეტის ხარჯების მესამედზე მეტს შეადგენდა, გასულ წელს უკვე ნათელი გახდა, რომ ეს ფაქტორი უკვე აღარ მუშაობდა, რადგან სამხედრო ხარჯების ზრდა შეჩერდა.
„წელს სამხედრო ხარჯებისთვის დაახლოებით 160 მილიარდი დოლარი ივარაუდება, რაც თითქმის იგივე ან ოდნავ ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე. რუსეთის ადმინისტრაციამ, ეტყობა, მიიჩნია, რომ ადრინდელი მასშტაბის სამხედრო ძალისხმევა საჭირო აღარ არის. გარდა ამისა, მოსკოვს საამისო შესაძლებლობებიც შეეზღუდა“ – აღნიშნა ლუიკმელმა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა საწვავის დეფიციტზე, რაც რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე უკრაინის წარმატებულმა თავდასხმებმა გამოიწვია. ბენზინგასამართ სადგურებზე შექმნილი რიგები ომის რეალობას რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით მესამედისთვის ხელშესახებს ხდის.
„მეორე მხრივ, ეკონომიკის ზრდის შემაფერხებელი ფაქტორი, გრძელვადიან პერსპექტივაში, მუშახელის ნაკლებობაა – ორპროცენტიანი უმუშევრობა ეკონომიკურ ბუმზე არ მიუთითებს, მაგრამ თუ მას თან ახლავს 1 პროცენტზე ნაკლები ეკონომიკური ზრდა და სავარაუდოდ 6 პროცენტზე მაღალი ინფლაცია, მაშინ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს სტაგფლაციური და ძალიან არაკომფორტული სცენარია მათთვისაც, ვისაც საპროცენტო განაკვეთებზე უწევს გადაწყვეტილების მიღება“, – დასძინა ლუიკმელმა.
ესტონეთის ბანკის წარმომადგენლის აზრით, რუსეთის ეკონომიკას დიდად ვერ დაეხმარა წლის დასაწყისში აშშ-ის ქმედებებით შექმნილი ხელსაყრელი მდგომარეობა, როდესაც ირანის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა ნავთობზე ფასები გაზარდა და ამასთან ერთად, შეერთებულმა შტატებმა ნავთობის ფლოტზე სანქციები შეაჩერა.
„აპრილ-მაისში რუსეთმა ნედლი ნავთობის გაყიდვით თვეში, სავარაუდოდ, მესამედით ან შესაძლოა, ნახევრით მეტი გამოიმუშავა, ვიდრე შარშან. თუმცა, სამაგიეროდ, თხევადი საწვავის შიდა მარაგებმა დამატებითი დარტყმა მიიღო. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი, დიზელისა და ბენზინის ქარხნები გაჩერებულია და ეს, დიდწილად, უკრაინული დრონების თავდასხმების შედეგია“, – აღნიშნა მან.
ლუიკმელმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული დასავლური სანქციები შეაქო და განაცხადა, რომ ისინი საკმაოდ ეფექტურია.
„სანქციების კუთხით უკვე ბევრი რამ გაკეთდა. ასევე აღსანიშნავია ევროკავშირის ბოლო გადაწყვეტილება რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვრის გაყინვის შესახებ, რომელიც შეიძლებოდა გაზრდილიყო, რადგან საბაზრო ფასი შეიცვალა. ახლა სანქციები უფრო ფართო კონტექსტში განიხილება და ეს გამოიხატება, მაგალითად, იმ კომპანიების შეზღუდვაში, რომლებიც რუსული ნავთობის გემიდან გემზე გადატანის ინფრასტრუქტურას ემსახურებიან. ასე რომ, ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ – ჩვენ შედარებით ეფექტურად ვაწესებთ სანქციებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი შედეგის დანახვას დრო სჭირდება“, – დასძინა მან.