ესტონეთი: უკანონო ნაგებობების გამოსავლენად, ტალინში სატელიტურ ფოტოებს გამოიყენებენ
ტალინის ცენტრის ხედი (საილუსტრაციო ფოტო) / ავტორი: კენ მიურკი, ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ტალინის ურბანული დაგეგმარების დეპარტამენტი, უკანონო ნაგებობების იდენტიფიცირებისთვის, სატელიტური ფოტოგადაღების გამოყენებას დაიწყებს. სისტემა იანვრიდან ამოქმედდება.
ტალინის ურბანული დაგეგმარების დეპარტამენტმა, თანამგზავრულ სურათებზე დაფუძნებული ანალიზის სამშენებლო ზედამხედველობაში გამოსაყენებლად, ტექნოლოგიურ კომპანია „დატელთან“ ხელშეკრულება გააფორმა.
კომპანიის პროგრამა, უკანონო ნაგებობების გამოვლენის მიზნით, კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოებს ეროვნული სამშენებლო რეესტრის მონაცემებს შეადარებს.
როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, პროგრამის მეშვეობით ასევე ხელმისაწვდომი იქნება ძველი აეროფოტოგამოსახულებები, რაც კონკრეტული შენობის ან მინაშენის აგების დროის დადგენაში დაეხმარებათ.
კომპანია „დატელი“, თავისი პროგრამის გამოყენებით, შეადგენს იმ შენობების სიას, რომლებიც ან საერთოდ არ არის შეტანილი სამშენებლო რეესტრში, ან არასწორადაა რეგისტრირებული. გარდა ამისა, სიაში მოხვდება დაურეგისტრირებელი ნაგებობები და შენობები, რომელთა კონტურებიც არსებითად განსხვავდება რეესტრში დაფიქსირებული მონაცემებისგან. ანალიზი, კუნძულ აეგნის გარდა, ტალინის მთელ ტერიტორიას მოიცავს.
თანამგზავრული ფოტოგადაღებები მიმდინარე წელს განხორციელდება, პროგრამა კი იანვარში იქნება მზად.
ტალინის ვიცე-მერის, ტიიტ ტერიკის განცხადებით, თანამგზავრული მონაცემების გამოყენება ურბანული გარემოს ცვლილებების მონიტორინგისა და სამშენებლო ზედამხედველობის ეფექტიანობის გაზრდის უკეთეს შესაძლებლობებს შექმნის.
„ამ ნოვაციის დანერგვა საშუალებას მოგვცემს, დიდი მოცულობის ინფორმაცია უფრო სწრაფად დავამუშაოთ და საჯარო მოხელეების ყურადღება იქით მივმართოთ, სადაც ეს ყველაზე მეტად არის საჭირო“, – აღნიშნა ტერიკმა.
ურბანული დაგეგმარების დეპარტამენტის სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი, ევა-მარია მერისტო განმარტავს, რომ თანამგზავრულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პლატფორმა მოხელეებს ურბანულ გარემოში შენობების ცვლილებების დროულად გამოვლენასა და სხვა საქმეების მოგვარებისთვის მეტი ყურადღების დათმობაში დაეხმარება.
„კოსმოსიდან ქალაქის ისეთი ხედით დანახვა შეიძლება, რომელიც ქუჩიდან არ ჩანს. თანამგზავრული მონაცემები დაგვეხმარება იმ ადგილების გამოვლენაში, სადაც სამშენებლო სამუშაოები დამატებით შემოწმებას საჭიროებს. თუ შემოწმების შემდეგ დარღვევა გამოვლინდება, შევაფასებთ, შესაძლებელია თუ არა ნაგებობის რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა და რა პირობებით“, – აღნიშნა მერისტომ.
კომპანია „დატელის“ კოსმოსური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ოლივერ სტიმერმა კი აღნიშნა, რომ ტალინის გადაწყვეტილება, გამოიყენოს სერვისი, რომელიც „დატელისა“ და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა, კომპანიისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
„ამ ინოვაციურ გადაწყვეტას, რომელიც ობიექტების ამოცნობისთვის მანქანურ სწავლებას იყენებს, აქამდე, ძირითადად, ესპანეთის მუნიციპალიტეტებს ვთავაზობდით. ამ მეთოდის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი ეკონომიურობაა: დიდი ტერიტორიების ანალიზი ერთიანი მეთოდოლოგიით არის შესაძლებელი და ყოველი შესაძლო შეუსაბამობის გამოსავლენად ადგილზე შემოწმების ჩატარება საჭირო არ არის“, – დასძინა სტიმერმა.