ესტონეთი თავშესაფრის მაძიებელთა გადანაწილების ევროკავშირის პროგრამიდან მთლიანად გათავისუფლებას ითხოვს

12:41, 22.11.2026
საგზაო ნიშანი, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ესტონეთში, ვიიფსუში, მდინარე ვიჰანდუზე გამავალ ხიდთან სასაზღვრო ზონის დაწყებას აღნიშნავს. 2025 წლის 16 აპრილი

საგზაო ნიშანი, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ესტონეთში, ვიიფსუში, მდინარე ვიჰანდუზე გამავალ ხიდთან სასაზღვრო ზონის დაწყებას აღნიშნავს. 2025 წლის 16 აპრილი

ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუ) ევროკავშირის საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა გეგმას, რომლის მიხედვითაც, ესტონეთი, მომავალი წლისთვის, თავშესაფრის მაძიებელთა გადანაწილების ევროკავშირის პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან მთლიანად გათავისუფლებას მოითხოვს. არგუმენტად ის გარემოება სახელდება, რომ ქვეყანა უკვე მასპინძლობს უკრაინელ ლტოლვილთა დიდ რაოდენობას, რომლებიც დროებითი და საერთაშორისო დაცვით სარგებლობენ.

ესტონეთი იმ ქვეყნებს შორის არის, სადაც მიგრაციული ზეწოლა მნიშვნელოვან ტვირთად აწვება მიგრანტთა მიღებისა და თავშესაფრის მინიჭების სისტემებს. სწორედ ამიტომ, მთავრობა სოლიდარობის მექანიზმში მონაწილეობის ვალდებულებისგან ესტონეთის მთლიანად გათავისუფლების მოთხოვნის დაყენებას აპირებს.

ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, კადრი ტალის განცხადებით, 3 დეკემბერს, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის ქვეყნები დახმარების იმ ზომებზე შეთანხმდებიან, რომლებსაც მომავალი წლისთვის ბრიუსელი მიგრაციული ზეწოლის ქვეშ მყოფ ქვეყნებს გაუწევს.

„2027 წლის სოლიდარობის რეზერვი, უპირველეს ყოვლისა, კვიპროსის, საბერძნეთის, ესპანეთისა და იტალიის დასახმარებლად არის განკუთვნილი, რათა ისინი უკეთესად გაუმკლავდნენ მიგრაციულ გამოწვევებს. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ესტონეთიც მნიშვნელოვანი მიგრაციული სირთულეების წინაშე დგას და ამიტომ, სოლიდარობის რეზერვში შენატანისგან გათავისუფლებას ითხოვს“, – განაცხადა ტალიმ.

ესტონეთს სოლიდარობის მექანიზმში მონაწილეობის ვალდებულებისგან მთლიანად გათავისუფლება სურს. კადრი ტალის განცხადებით, თუ ეს ვერ მოხერხდება, ტალინი მზად არის, ფინანსური წვლილი შეიტანოს ან დახმარებისთვის ექსპერტები და აღჭურვილობა გამოყოს, თუმცა თავშესაფრის მაძიებელთა სხვა ქვეყნებიდან ესტონეთში გადაყვანასა და მიღებას არ დათანხმდება.

„2026 წელს ესტონეთს სოლიდარობის შენატანი შეუმცირდა და სოლიდარობის რეზერვში 560 000 ევრო გადაიხადა. მსგავს მდგომარეობაში არიან ბულგარეთი, ჩეხეთი, ხორვატია, ავსტრია და პოლონეთი და ისინიც სოლიდარობის შენატანებიდან სრულ გათავისუფლებას ითხოვენ“, – დასძინა მან.

ესტონეთის მთავრობის პოზიციის განმარტებით დოკუმენტში ნათქვამია, რომ მომავალი წლისთვის სოლიდარობის მექანიზმი თავშესაფრის 35 000 მაძიებლის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გადანაწილებას ან, ამის ნაცვლად, თავშესაფრის მაძიებლებისთვის 700 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს.

ევროკომისიის წლიურმა მიგრაციულმა ანგარიშმა, რომელიც 6 ნოემბერს გამოქვეყნდა, სოლიდარობის მეორე ციკლის განმავლობაში მიგრაციული ზეწოლის ქვეშ მყოფ ქვეყნებად საბერძნეთი, კვიპროსი, იტალია და ესპანეთი გამოყო.

მიგრაციული ზეწოლის რისკის ქვეშ მყოფ სახელმწიფოებად დასახელდნენ ბელგია, ჩეხეთი, გერმანია, ესტონეთი, ირლანდია, საფრანგეთი, ხორვატია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, სლოვენია და ფინეთი, ხოლო ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ხორვატია, ავსტრია და პოლონეთი კლასიფიცირდნენ ისეთ სახელმწიფოებად, რომლებიც მნიშვნელოვან მიგრაციულ გამოწვევებს აწყდებიან.

მიგრაციული ზეწოლის რისკის ქვეშ მყოფ სახელმწიფოებად დასახელდნენ ბელგია, ჩეხეთი, გერმანია, ესტონეთი, ირლანდია, საფრანგეთი, ხორვატია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, სლოვენია და ფინეთი, ხოლო ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ხორვატია, ავსტრია და პოლონეთი კლასიფიცირდნენ ისეთ სახელმწიფოებად, რომლებიც მნიშვნელოვან მიგრაციულ გამოწვევებს აწყდებიან.

ევროკავშირის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი ესტონეთის მთავრობის პოზიციას 2027 წელს მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ პაქტით გათვალისწინებული სოლიდარობის მექანიზმის ამოქმედების საკითხში. ამ პოზიციას ტალინი 3–4 დეკემბერს ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა საბჭოს სხდომაზე წარადგენს.

სტატიის ავტორი: ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR -Eesti Rahvusringhääling)

ფოტოს ავტორი: აილი ვაჰტლა, ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი, 2026 წელი, 15:21 (ცენტრალური ევროპის დრო)

მსგავსი