ესტონეთი: სკოლების სიახლოვეს ნარკოტიკების ინტერნეტით გაყიდვის QR-კოდები გაჩნდა
ნარკოტიკების ონლაინ-გაყიდვა/„სქრინშოტი“
პოლიციის განცხადებით, ესტონეთში, სკოლების სიახლოვეს გამოჩენილი QR-კოდების შემცველი სტიკერები მომხმარებლებს ამისამართებს ვებგვერდზე, სადაც ნარკოტიკები ინტერნეტის მეშვეობით იყიდება. ეს გარემოება საზოგადოებში, ნარკოტიკებთან მოზარდების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, სერიოზულ შეშფოთებას აჩენს.
სტიკერები ესტონეთის დიდ ქალაქებში გამოჩნდა და მომხმარებელი გადაჰყავს ვებგვერდზე, რომელიც ინტერნეტ-მაღაზიის პრინციპით მუშაობს – მითითებულია ნარკოტიკული საშუალებები, ფასები, გადახდის მეთოდები და მომხმარებელთა გამოხმაურებებიც კი.
პოლიციამ სტიკერების შესახებ მრავალი შეტყობინება მიიღო; მათგან ბევრი განთავსებული იყო იმ მარშრუტებზე, რომლებითაც ბავშვები სკოლაში დადიან.
ესტონეთის პოლიციისა და სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტის (PPA) სამხრეთ პრეფექტურის კრიმინალური ბიუროს უფროსმა, რაინ ვოსმანმა განაცხადა, რომ აღნიშნული ვებგვერდი 2025 წლის ბოლოს შეიქმნა, თუმცა მის უკან მდგომი პირების იდენტიფიცირება რთულია და დღემდე ვერ მოხერხდა.
მისივე თქმით, პოლიციაში მოქმედებს სპეციალური ჯგუფი, რომელიც ნარკოტიკების გასაყიდი საიტების გაუქმებაზე მუშაობს, თუმცა ეს პროცესი შეიძლება დროში გაწელოს. ვოსმანმა მოუწოდა საზოგადოებას, ასეთი ვებგვერდების შესახებ პოლიციას შეატყობინონ, ხოლო QR-სტიკერების შემჩნევის შემთხვევაში – ჩამოხიონ.

„ჩვენ ვხედავთ, რომ QR-კოდები იცვლება. მათ, სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანი ბეჭდავს ან ავრცელებს“, – განმარტა მან.
მისი აზრით, ამ ყველაფრის უკან, არ არის გამორიცხული, მხოლოდ ერთი ადამიანიც იდგეს, რომელიც სტიკერების დასაბეჭდად და გასავრცელებლად სხვა ადამიანებს ქირაობს და თანხას უხდის, თუმცა დაქირავებულებმა არ იციან, კონკრეტულად რისი კოდია ეს.
პოლიცია მიიჩნევს, რომ სტიკერებს სკოლებთან განზრახ აკრავენ, რადგან მათი სამიზნე აუდიტორიის ნაწილს არასრულწლოვნები წარმოადგენენ. ვოსმანის თქმით, ახალგაზრდების ცნობისმოყვარეობამ და კანაფთან მათმა ნაცნობობამ, შესაძლოა, ზოგიერთ მათგანს ექსპერიმენტისკენ უბიძგოს ისე, რომ არ ესმოდეს, თუ რას მოიხმარს.
ნარკოვაჭრობა პირად შეტყობინებებში გადადის
ვოსმანის თქმით, ნარკოტიკებით ვაჭრობის დიდი ნაწილი უკვე შეტყობინებების აპლიკაციებში გადავიდა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არხი „ტელეგრამის“ ჯგუფებია.

QR-კოდები, შესაძლოა, გამოიყენებოდეს მომხმარებელთა გადასამისამართებლად ისეთ ჯგუფებში, სადაც ნარკოტიკებს სთავაზობენ, ხოლო ანგარიშსწორება საბანკო გადარიცხვით ან კრიპტოვალუტით ხორციელდება.
პოლიციის ცნობით, QR-კოდებს ასევე იყენებენ იმ პირების (ე.წ. „კურიერების“) გადასაბირებლად, რომლებიც ნარკოტიკების შეფუთვებს მალავენ და გამყიდველებს, გასამრჯელოს სანაცვლოდ, GPS-კოორდინატებს უგზავნიან.
არასრულწლოვნებმა, რომლებიც ასეთ სამუშაოს ეჭიდებიან, შესაძლოა, ვერც კი გააცნობიერონ, რომ ნარკოვაჭრობაში მონაწილეობენ. ამის მიუხედავად, გამოვლენის შემთხვევაში, მათ, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვისთვის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
„ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული, რამაც შესაძლოა გისოსებს მიღმაც კი მიგიყვანოთ“, – ხაზგასმით აღნიშნა ვოსმანმა და დასძინა, რომ პოლიცია ამ საქმიანობით ნაშოვნი ნებისმიერ თანხის კონფისკაციას მოახდენს.