ესტონეთი რუსეთთან საზღვრის ღამის საათებში ჩაკეტვის რეჟიმს განუსაზღვრელი ვადით ახანგრძლივებს

12:31, 14.08.2026
კოიდულას სასაზღვრო-გამშვები პუნქტი სეტომააში (სამხრეთ-აღმოსავლეთ ესტონეთი)

კოიდულას სასაზღვრო-გამშვები პუნქტი სეტომააში (სამხრეთ-აღმოსავლეთ ესტონეთი)

რუსეთთან საზღვარზე არსებულ საავტომობილო და სარკინიგზო საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ესტონეთი 12-საათიან სამუშაო გრაფიკს შეინარჩუნებს. ეს ნიშნავს, რომ განუსაზღვრელი ვადით ხანგრძლივდება ამჟამინდელი რეჟიმი, რომლის მიხედვითაც, ორ ქვეყანას შორის საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა მხოლოდ 07:00-დან 19:00 საათამდეა დაშვებული.

 

„კოიდულას“, „ლუჰამაასა“ და „ნარვა-1“-ის საავტომობილო სასაზღვრო-გამშვები პუნქტები ყოველდღიურად კვლავ 07:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებენ. იგივე განრიგი წესდება სარკინიგზო სასაზღვრო-გამშვები პუნქტებისთვისაც.

24-საათიანი სამუშაო რეჟიმიდან შეზღუდულ, 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლა, რომლებიც მიმდინარე წლის დასაწყისში შემოიღეს და აგვისტოს ბოლომდე მოქმედებდა, მიზნად ისახავდა საზღვრის უსაფრთხოების გაუმჯობესებას და მომსახურე პერსონალის ოპტიმიზებას.

ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ ტაროს თქმით, 13 აგვისტოს ქვეყნის მთავრობამ შეზღუდვის ძალაში დატოვების გადაწყვეტილება ევროკავშირსა და რუსეთს შორის დღეს არსებული იმ ურთიერთობების ფონზე მიიღო, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ჩამოყალიბდა.

„წლის დასაწყისში შემოღებული შეზღუდვები ასევე მიზნად ისახავდა საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერებას, სასაზღვრო ინციდენტებზე ჩვენი რეაგირების უნარის გაუმჯობესებასა და საბაჟო კონტროლის გაძლიერებას. დღეის მდგომარეობით, ეს საჭიროებები არ შეცვლილა“, – აღნიშნა მან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ღამის განმავლობაში ესტონეთის აღმოსავლეთ საზღვრის ჩაკეტვამ პოლიციისა და სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტს (PPA) და ესტონეთის საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტს (MTA) მათ დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის შესაძლებლობების უკეთ გამოყენების, კერძოდ კი დღის განმავლობაში მომუშავე თანამშრომლების რაოდენობის გაზრდის და უფრო სრულყოფილი საბაჟო კონტროლის განხორციელების საშუალება მისცა.

პარალელურად, გრძელდება აღმოსავლეთის მიმართულებით საზღვრის გადამკვეთ პირთა რაოდენობის კლება. 2026 წლის პირველ ნახევარში ესტონეთის „ნარვა-1“-ის, „ლუჰამაასა“ და „კოიდულას“ საავტომობილო სასაზღვრო-გამშვები პუნქტებით დაახლოებით 444 000 ადამიანმა ისარგებლა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13 პროცენტით ნაკლებია – 2025 წლის პირველ 6 თვეში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 512 000-ს შეადგენდა.

კიდევ უფრო მეტად – 20 პროცენტით (43 500-დან 35 000-მდე) – შემცირდა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით საზღვრის გადაკვეთის მაჩვენებელი, ისევე როგორც სარკინიგზო მიმოსვლა.

ამ ამ საკითხზე საზოგადოებაში პერიოდულად მიმდინარე დებატების მიუხედავად, ტაროს განცხადებით, ამჟამად არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ ესტონეთმა რუსეთთან საზღვარი მთლიანად ჩაკეტოს.

მანისტრმა განმარტა, რომ სხვადასხვა შეფასების თანახმად, ამჟამად ესტონეთს არ ემუქრება ისეთი სერიოზული საფრთხე, რომელიც საზღვრის სრულად ჩაკეტვას საჭიროებს.

 

სტატიის ავტორი: ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR – Eesti Rahvusringhääling)

ფოტოს ავტორი: აილი ვაჰთლა, ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 13 აგვისტო, 2026 წელი, 11:18 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი