ესტონეთი: მმართველმა კოალიციამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა

14:29, 10.08.2026
კალევ სტოიცესკუ

კალევ სტოიცესკუ

ორშაბათს, 10 აგვისტოს, ესტონეთის ორპარტიულმა მმართველმა კოალიციამ საპარლამენტო უმრავლესობა მას შემდეგ დაკარგა, რაც ორმა დეპუტატმა თავისი პარტია დატოვა და ამის გამო, 101-ადგილიან პარლამენტში კოალიციის მანდატების რაოდენობა 50-მდე შემცირდა.

 

პარტია „ეესტი 200“-ის (Eesti 200) წევრმა, კალევ სტოიცესკუმ და „რეფორმების პარტიის“ წევრმა, მეელის კიილიმ ცალ-ცალკე განაცხადეს, რომ თავის პარტიებს ტოვებდნენ. ეს გადაწყვეტილება სტოიცესკუმ სოციალურ ქსელში კვირას საღამოს გამოაქვეყნა, ხოლო კიილიმ – ორშაბათს დილით.

კალევ სტოიცესკუ

სტოიცესკუს თქმით, ეს გადაწყვეტილება უცებ არ მიუღია და ის დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა იმაზე, სურდა თუ არა საერთოდ პოლიტიკაში დარჩენა.

„პარტიის საბჭო ჯერ კიდევ 2024 წლის თებერვალში დავტოვე. 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მიმიღია. დიდხანს ვფიქრობდი იმაზე, გამეგრძელებინა თუ არა საერთოდ პოლიტიკური საქმიანობა. ჩემმა ახლობლებმა და ამომრჩევლებმა ერთსულოვნად მომიწოდეს, რომ საქმიანობა გამეგრძელებინა და რიიგიკოგუს (პარლამენტის) მომდევნო არჩევნებში მეყარა კენჭი. მე ვენდობი საკუთარ თავსა და ჩემს ახლობლებს“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

სტოიცესკუმ ასევე აღნიშნა, რომ სხვა პარტიებისგან უკვე მიიღო შეთავაზებები, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„მინდა, გავაგრძელო წვლილის შეტანა ესტონეთის მომავალში, განსაკუთრებით თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში“, – აღნიშნა სტოიცესკუმ.

მეელის კიილი

„ეს არ არის ნაჩქარევი გადაწყვეტილება. ამ დასკვნამდე ხანგრძლივი ფიქრის შედეგად მივედი, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ჩემი შეხედულებები ესტონეთის ეროვნულ თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, ასევე ქვეყნის გრძელვადიან განვითარებაზე, სულ უფრო მეტად დაშორდა პარტიის პოლიტიკურ კურსს“, – განმარტა მან თავისი გადაწყვეტილება.

კიილის თქმით, „რეფორმების პარტიაში“ გაწევრიანებას არ ნანობს.

„ამ პარტიაში ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, შევიძინე კარგი ნაცნობები და მეგობრები, რისთვისაც მადლიერი ვარ. თუმცა პოლიტიკაში დგება მომენტი, როდესაც საკუთარ თავს უნდა ჰკითხო: თანხვედრაშია თუ არა პარტიის წევრობა იმ პრინციპების დაცვასთან, რის გამოც პოლიტიკაში მოხვედი, თუ ის პირიქით, შეზღუდვას გიწესებს. ჩემთვის ამ კითხვაზე პასუხი უკვე ნათელია“.

მეელის კიილი/ფოტოს ავტორი: სიიმ ლიოვი, ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი

„სწორედ ამიტომ, ჩემი და „რეფორმების პარტიის“ გზები იყოფა“.

„რიიგიკოგუში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გავაგრძელებ და ვიმუშავებ იმ საკითხებზე, სადაც ჩემი ცოდნა და გამოცდილება ესტონეთს სარგებელს მოუტანს“.

მეელის კიილი „რეფორმების პარტიას“ რიიგიკოგუს ბოლო არჩევნების წინ, 2022 წლის 2 ნოემბერს შეუერთდა. მან კენჭი იდა-ვირუმაას ოლქში იყარა, 1 289 ხმა მიიღო და პარლამენტის წევრი გახდა.

მას შემდეგ, რაც კიილიმ „რეფორმების პარტია“ და საპარლამენტო ფრაქცია დატოვა, ხოლო ერთი დღით ადრე კალევ სტოიცესკუმ „ეესტი 200“-ის დატოვების შესახებ განაცხადა, მმართველ კოალიციას პარლამენტში 50 დეპუტატი დარჩა, რაც მას, ფაქტობრივად, უმცირესობის მთავრობად აქცევს.

სტოიცესკუ „მემარჯვენეებთან“ ასოცირდება

როგორც თავად სტოიცესკუმ აღნიშნა, ის რიიგიკოგუს მომდევნო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და სხვა პარტიებში გაწევრიანების შეთავაზებები უკვე მიიღო.

ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ERR) ინფორმაციით, ყველაზე სავარაუდოა, რომ იიგიკოგუს არჩევნებამდე სტოიცესკუ რარასაპარლამენტო პარტია Parempoolsed-ს („მემარჯვენეები“) შეუერთდეს. საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი კომპანიების: Emor-ის, Norstat-ისა და Turu-uuringud-ის მონაცემებით, ამ პარტიის რეიტინგი ამჟამად 6-7 პროცენტს შეადგენს. „მემარჯვენეებს“ ცნობადი სახეების დეფიციტი აქვთ, ამიტომ სტოიცესკუს „გადაბირება“ მათთვის მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება.

ასევე საინტერესოა, როგორ აისახება სტოიცესკუს მიერ „ეესტი 200“-ის დატოვება რიიგიკოგუს კომიტეტების, განსაკუთრებით კი ეროვნული თავდაცვის კომიტეტის მუშაობაზე, რომელსაც ამჟამად თავად სტოიცესკუ ხელმძღვანელობს. ეროვნული თავდაცვის კომიტეტი 11 წევრისგან შედგება და სტოიცესკუს წასვლამდე მმართველ კოალიციას მასში მინიმალური – 6-კაციანი უმრავლესობა ჰქონდა.

რიიგიკოგუს მომდევნო არჩევნები 2027 წლის 7 მარტს ტარდება.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კრისტენ მიხალი („რეფორმების პარტია“) და პარტია „ეესტი 200“-ის ლიდერი კრისტინა კალასი/ფოტოს ავტორი: სიიმ ლიოვი, ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი

 

სტატიის ავტორი: ურმეტ კუკი, ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR – Eesti Rahvusringhääling)

ფოტოს ავტორი: კენ მიურკი, ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 10 აგვისტო, 2026 წელი, 06:36 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი