ესტონეთი: დამსაქმებლებს თანამშრომლების სიმთვრალეზე შემოწმების უფლება მიენიჭათ

13:38, 26.10.2026
ღვინო (საილუსტრაციო ფოტო)

ღვინო (საილუსტრაციო ფოტო)

„შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები, რომლებიც 26 ოქტომბერს შედის ძალაში, ესტონელ დამსაქმებლებს თანამშრომლების ნასვამ მდგომარეობაში ყოფნაზე შემოწმების უფლებას ანიჭებს.

თუმცა, შრომის ინსპექციის განცხადებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამიერიდან ყოველი სამუშაო დღე ალკოტესტით დაიწყება. ახალი წესების თანახმად, დამსაქმებელს შეუძლია თანამშრომელი სიმთვრალეზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეამოწმოს, თუ ამისთვის გონივრული ეჭვის საფუძველი არსებობს. ასეთი ეჭვი შეიძლება გაჩნდეს, თუ, მაგალითად, თანამშრომელი უჩვეულოდ იქცევა, მეტყველება არეული აქვს ან სავარაუდო თრობის სხვა ნიშნები აღენიშნება.

გამონაკლისი ვრცელდება იმ სამუშაო ადგილებზე, სადაც ნასვამ მდგომარეობაში მუშაობას შეიძლება განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოჰყვეს. თუ თანამშრომლის მოვალეობებში პოტენციურად საფრთხის შემცველ აღჭურვილობასთან მუშაობა შედის ან იგი ასეთი საფრთხის შემცველ გარემოში მუშაობს, დამსაქმებელს სიმთვრალეზე ტესტის ჩატარება გონივრული ეჭვის არსებობის გარეშეც შეუძლია. ეს შეიძლება ეხებოდეს, მაგალითად, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის მძღოლებს, სახიფათო დანადგარების ოპერატორებსა და მშენებლებს.

ამ საკანონმდებლო ცვლილების მიზანი სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების პრევენცია და თანამშრომლების, მათი კოლეგებისა და სხვა პირების უსაფრთხოების დაცვაა.

დამსაქმებლებს საკუთარი შეხედულებისამებრ ტესტირების ჩატარება არ შეუძლიათ. ტესტირების ჩატარებამდე, მათ უნდა შეიმუშაონ წერილობითი პროცედურები და ამის შესახებ ყველა თანამშრომელს აცნობონ. ამ პროცედურებში მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი, თუ როგორ ჩატარდება ტესტირება, რა ითვლება დადებით შედეგად, რა შესაძლო შედეგები მოჰყვება დადებით პასუხს და რა მოხდება, თუ თანამშრომელი ტესტირებაზე უარს იტყვის. ასევე დაცული უნდა იყოს თანამშრომელთა უფლებები და მათ ტესტის შედეგების გასაჩივრების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.

დამსაქმებლებს უფლება სიმთვრალეზე ტესტირების მონაცემები მისი ჩატარების თარიღიდან სამ წლამდე ვადით შეინახონ.

შრომის ინსპექცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სიმთვრალეზე ტესტირების მიზანი სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა იყოს და არა თანამშრომლების უსაფუძვლო შემოწმება.

სტატიის ავტორი: ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR -Eesti Rahvusringhääling)

ფოტოს ავტორი: სანდერ კოიტი, ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი, 2026 წელი, 15:56 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი