ესტონეთი აპირებს, ნატო-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეებს ეროვნული თავდაცვის სისტემაში სამსახურის უფლება მისცეს
„ესტონეთის თავდაცვის ლიგის“ (EDL) წევრები
ესტონელი პარლამენტარები საკანონმდებლო ცვლილებების მიღების ინიციატივით გამოდიან. ისინი ითხოვენ, რომ ნატო-ს სხვა წევრი სახელმწიფოების იმ მოქალაქეებს, რომლებიც „ესტონეთის თავდაცვის ლიგის“* წევრები არიან, მიეცეთ უფლება, სურვილის შემთხვევაში, ოფიციალურად ჩაირიცხნენ ქვეყნის თავდაცვის ძალებში და ომის დროს ისეთ სამხედრო თანამდებობებზე იმსახურონ, რომელთა დასაკავებლად სამხედრო წოდებაა საჭირო.
ეს ცვლილება გააძლიერებს როგორც „თავდაცვის ლიგის“, ისე შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნას, რადგან ესტონეთის თავდაცვაში უცხოელების მონაწილეობის მისაღებად მკაფიო სამართლებრივ საფუძველს შექმნის. ესტონეთის თავდაცვის ძალებში უცხოელების ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება და ნატო-ს წევრი მოქალაქეები სავალდებულო სამხედრო გაწვევას არ დაექვემდებარებიან. მის ნაცვლად, 18 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებმაც სამხედრო ფიცი დადეს, სურვილის შემთხვევაში, შეეძლებათ, ნებაყოფლობით შეასრულონ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული ვალდებულებები.
ცვლილებები ასევე ქმნის სამართლებრივ საფუძველს, რომ ომის დროს ნატო-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეები შესაბამის სამხედრო თანამდებობებზე დაინიშნონ, რაც გააუმჯობესებს პირადი შემადგენლობის მომზადებას, მართვის სტრუქტურების ფუნქციონირებას და აღჭურვილობის განაწილების დაგეგმვას. გარდა ამისა, კანონპროექტი აფართოებს „თავდაცვის ლიგის“ მხარდამჭერი წევრების (toetajaliige) უფლებამოსილებებს და მათ კრიზისულ თუ საგანგებო სიტუაციებში უფრო ფართო მასშტაბით ჩართვის შესაძლებლობას აძლევს.
საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედება 2027 წლის 1 იანვრიდან იგეგმება.
ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუ) ეროვნული თავდაცვის კომიტეტის მრჩევლის, აივარ ენგელის მიერ მომზადებულ განმარტებით ბარათში არ არის დაზუსტებული, არსებობს თუ არა საკმარისი ადამიანური რესურსი, თავდაცვის სისტემაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩასართველად. „თუ გავითვალისწინებთ, რომ „თავდაცვის ლიგა“, თავის ქალთა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად, 30 100-ზე მეტ წევრს ითვლის, ორგანიზაციის შიგნით პერსონალის დეფიციტი არ უნდა იყოს“, – აცხადებს ენგელი.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ სამხედრო მართვის ენა ესტონურია, თუმცა მხარდამჭერ წევრებს (რეზერვისტებს) ამჟამად ენობრივი მოთხოვნებს არ უყენებენ. მათი ჯანმრთელობის სტანდარტებიც, აქტიური წევრებთან შედარებით, უფრო დაბალია, რამაც, შესაძლოა, შეუსაბამობები შექმნას, თუკი მათი მოვალეობები აქტიურ სამსახურს მიუახლოვდება.
ენგელი დასძენს, რომ ასევე გაურკვეველია, ვინ ჩაატარებს ნატო-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეების წარსულისა და საიმედოობის შემოწმებას, რათა დარწმუნდნენ, რომ ისინი „თავდაცვის ლიგის შესახებ“ კანონით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.
* შენიშვნა: „ესტონეთის თავდაცვის ლიგა“ (EDL), იგივე „კაიტსელიტი“ (Kaitseliit), არის ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოხალისეობრივი სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება. მშვიდობიან პერიოდში ის საზოგადოებას კრიზისების მართვასა და სამაშველო ოპერაციებში ეხმარება, სამხედრო კონფლიქტის დროს კი ლიგის წევრები თავდაცვის ძალებს უერთდებიან და პარტიზანულ და არარეგულარულ საბრძოლო ქმედებებში ერთვებიან.
სტატიის ავტორი: ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ERR (Eesti Rahvusringhääling)
ფოტოს ავტორი: ესტონეთის თავდაცვის ლიგა (EDL)