ესტონეთ-რუსეთის საზღვრის ჩაკეტვა ლატვიელ მესაზღვრეებს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებას აიძულებს
საილუსტრაციო ფოტო
მას შემდეგ, რაც ესტონეთი რუსეთთან სახმელეთო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს დახურავს, ლატვიის საზღვარს, სავარაუდოდ, უფრო მეტი ადამიანი გადაკვეთს, რაც ჩვენი მესაზღვრეებისთვის ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებას ნიშნავს – ლატვიის სასაზღვრო დაცვის სამსახურის უფროსმა, გუნტის პუიატსმა ეს განცხადება 20 ნოემბერს „ლატვიის რადიოსთან“ ინტერვიუში გააკეთა.
რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების მიერ დრონების მწარმოებელ კომპანიაზე ორგანიზებული თავდასხმის საპასუხოდ, 1 დეკემბრიდან ესტონეთი რუსეთთან სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტების დახურვას გეგმავს. ამჟამად 3 ასეთი გამშვები პუნქტი ფუნქციონირებს. მათგან 2 ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, მესამე კი – ნარვაში.
მეზობელ ქვეყანაში საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვის შემთხვევაში, რუსეთში შესვლის მსურველები ლატვიისკენ გადაინაცვლებენ.
„ნაკადი ზუსტად ისეთივე არ იქნება, როგორიც ესტონეთის საზღვარზეა ყოველდღიურად, რადგან იქ ბევრი ქვეითად მოსიარულეა, განსაკუთრებით – ნარვაში. თუმცა, ისინი, ვინც ავტომობილებით მგზავრობენ, ლატვიისკენ წამოსვლას შეეცდებიან“, – აღნიშნა პუიატსმა.
ლატვიიდან გასასვლელად ელექტრონული რიგის სისტემა მოქმედებს. „ასე რომ, ბევრი არაფერი შეიცვლება“, – თქვა მან, თუმცა აღიარა, რომ რიგები მაინც შეიქმნება.
პუიატსი მიიჩნევს, რომ გაზრდილი დატვირთვა მესაზღვრეებისთვის მეტ ზეგანაკვეთურ სამუშაოს ნიშნავს.
სასაზღვრო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლატვიაში, შესაძლოა, ესტონეთის მსგავსი გადაწყვეტილება მიიღონ. თუმცა, თუ გამშვები პუნქტები ლატვიაშიც დაიხურება, ამ პოსტებზე მომუშავე მესაზღვრეები, შესაძლოა, ე.წ. „მწვანე საზღვრის“ დასაცავად გადაანაწილონ.