ესტონელთა მწვრთნელი ბეგლარიშვილის მიწვევაზე კომენტარს აღარ გააკეთებს
ესტონელთა მწვრთნელი ბეგლარიშვილის მიწვევაზე კომენტარს აღარ გააკეთებს

„არსებობს თუ არა შანსი, რომ ბეგლარიშვილმა, რომელმაც საკლუბო თამაშებში მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენა, შემოდგომაზე ესტონეთის ეროვნულ გუნდში ითამაშოს“? – ეს კითხვა ესტონეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, კარელ ვოოლაიდს ჟურნალისტმა ერთა ლიგის წილისყრის შემდეგ დაუსვა.

ესტონეთის ნაკრები ერთა ლიგის მომავალ გათამაშებაში საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეა და ცხადია, საინტერესოა, ითამაშებს თუ არა ბალტიისპირული ნაკრების ფორმით ბეგლარიშვილი საქართველოს წინაააღმდეგ.

„საქართველოსთან შემოდგომის მატჩებამდე ჯერ კიდევ დიდ დროა დარჩენილი და ამ საკითხზე სპეკულირება ნაადრევია. ჩვენ ბეგლარიშვილს დავაკვირდებით და ვნახავთ, მისი საქმეები როგორ წავა. ამის შემდეგ ამ საკითხზე კომენტარს აღარ გავაკეთებ“. – განაცხადა ესტონელთა მთავარმა მწვრთნელმა.

ბეგლარშვილმა 2019 წლის სექტემბერში ესტონეთის მოქალაქეობა მიიღო და ამ ქვეყნის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში თამაშის უფლება მიიღო. 29 წლის ნახევარმცველი თბილისელია, საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ხოლო ეროვნულ გუნდში ერთი შეხვედრა ჩაატარა – 2015 წელს ესტონეთის წინააღმდეგ, მაგრამ ეს ამხანაგური მატჩი იყო და სხვა ქვეყნის სახელით თამაშის უფლება მიიღო. მით უფრო, რომ ის ესტონეთში 2010 წლიდან თამაშობს.

2018 წელს ბეგლარიშვილი ესტონეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და ბალტიისპირელთა ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს. ის წინადადებაზე დათანხმდა, მოქალაქეობის გამოცდა წარმატებით ჩააბარა და ესტონეთის ნაკრების რიგებში 2019 წლის მარტის ამხანაგურ შეხვედრაში უნდა ეთამაშა, მაგრამ უნგრულ „ჰონვედში“ გადასული მძიმედ დაშავდა და დრო გაუცდა. თებერვალში ბეგლარიშვილი ფინეთის პირველი ლიგის „კოტკაში“ ჩაირიცხა.