ესტონელი ექსპერტი: მოლაპარაკებებზე გავლენის მოხდენის ბერკეტი უკრაინას პირველად გაუჩნდა

11:41, 25.09.2026
უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, რაინერ საქსი

უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, რაინერ საქსი

უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, რაინერ საქსმა რადიოსადგურ Vikerraadio-ს განუცხადა, რომ უკრაინას პირველად მიეცა შესაძლებლობა, შეერთებულ შტატებთან და რუსეთთან გამართული მოლაპარაკებების დროს, გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ დასრულდება ომი.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობის დროს შეხვდნენ ერთმანეთს.

საქსის თქმით, პრეზიდენტი ზელენსკი ყოველთვის ამბობს, რომ უკრაინას სურს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისა და მასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, მაგრამ კრემლს ანალოგიურ მზაობა არ გააჩნია.

ექსპერტის თქმით, კონკრეტული სამოქმედო გეგმა საჯაროდ არ განხილულა, თუმცა გარკვეული წარმოდგენის შექმნა, მედიაში მანამდე გავრცელებული ცნობების მიხედვით, მაინც შეიძლება.

„დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრამპთან გამართული 40-წუთიანი სამუშაო შეხვედრა, დელეგაციებს შორის წინასწარ საგულდაგულოდ მომზადებული მასშტაბური შეხვედრისგან განსხვავებით, ერთ საკითხზე იყო ფოკუსირებული: როგორ განახლდეს მოლაპარაკებები. პრეზიდენტ ტრამპს სურს, რომ უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვა შეწყვიტოს – არადა, უკრაინამ გასულ ღამესაც დაარტყა სამარასთან მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ობიექტს. ზელენსკის პასუხი კი მარტივია: ჩვენ შეგვიძლია, რუსეთთან მივაღწიოთ შეთანხმებას გარკვეულ ობიექტებზე თავდასხმებისგან ორმხრივად თავის შეკავებაზე – იქნება ეს ენერგოინფრასტრუქტურა, საჰაერო დარტყმები თუ შავი ზღვის აკვატორია. უკრაინის პრეზიდენტის გზავნილი ასეთია: თუ აშშ-ს სურს, უკრაინამ თავისი პოლიტიკა შეცვალოს, მაშინ ეს საკითხი რუსეთთან ორმხრივად უნდა შეთანხმდეს“, – განაცხადა საქსმა.

„ეს ნიშნავს, რომ უკრაინამ პირველად მოიპოვა სერიოზული ბერკეტი მოლაპარაკებების პროცესზე ზემოქმედებისთვის. აშშ უკვე ვეღარ დაემუქრება უკრაინას დახმარების შეწყვეტით, რადგან ეს თავად ამერიკის გავლენას შეამცირებს. რუსეთის ტერიტორიაზე იერიშებს უკრაინა, ძირითადად, საკუთარი წარმოების იარაღით ახორციელებს და არა უცხოეთიდან იმპორტირებული შეიარაღებით. ამ გაგებით, ვითარება გარკვეულწილად გაუმჯობესდა და უკრაინა აშშ-ს აძლევს სტიმულს, რომ მან რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს“, – აღნიშნა ესტონელმა ექსპერტმა.

მან ასევე შენიშნა, რომ ლინდსი გრემის მიერ ინიცირებული სანქციების კანონის დამტკიცებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ახალი ინსტრუმენტი მიიღო.

„პრეზიდენტმა მას ხელი მოაწერა, თუმცა ის ჯერ არ ამოქმედებულა. ეს აშშ-ის ლიდერს მოსკოვზე ზეწოლის დამატებით საშუალებას აძლევს. ამოქმედების შემთხვევაში, ეს იქნება სანქციების პაკეტი, რომელიც რუსეთისთვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება“, – მიიჩნევს ექსპერტი.

„ამასთან, აშშ-ს ყოველთვის შეუძლია რუსეთზე ზეწოლის მოხდენა იმით, რომ კრემლს განუცხადოს: თუ დაძაბულობის განმუხტვის გზას არ დაადგებით, მაშინ, შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დავიწყოთ“, – აღნიშნა საქსმა.

საქსის თქმით, ტრამპი ახორციელებს ზეწოლას რუსეთზე, თუმცა არაპირდაპირი ფორმით.

„არ მგონია, რომ პირდაპირ ზეწოლას რაიმე შედეგი მოჰყვეს. თუმცა, რუსეთზე ზეწოლის იარაღად ტრამპს ახლა ასეთი არგუმენტი აქვს: ვხედავთ, რომ საქმეები ცუდად მიგდით როგორც ომში, ისე ეკონომიკაში. ასეთ ვითარებაში, ომს დიდხანს ვერ გააგრძელებთ. ამიტომ, ახლა მოლაპარაკებზე უნდა დათანხმდეთ, რადგან მოგვიანებით თქვენი პოზიციები კიდევ უფრო დასუსტდება“, – განაცხადა საქსმა.

ექსპერტის აზრით, რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების დასრულების შემდეგ მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო გარემო, გარკვეულწილად, უფრო ხელსაყრელი გახდა.

„უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გენერალმა ბუდანოვმაც იწინასწარმეტყველა, დაახლოებით ოქტომბრის დასაწყისში სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვა შესაძლებელი გახდება. თუმცა ეს დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად ეფექტურად შეძლებს აშშ ამის უზრუნველყოფას“, – დასძინა საქსმა.

სტატიის ავტორი: იოჰანეს ვოლტრი, ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR -Eesti Rahvusringhääling)

ფოტოს ავტორი: სიიმ ლიოვი,  ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი, 2026 წელი, 11:49 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი