ესპანური მედიის ინფორმაციით, აშშ-მა და ვენესუელამ კატარში საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს
ესპანური მედიის ინფორმაციით, აშშ-მა და ვენესუელამ კატარში საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს

აშშ-მა და ვენესუელამ კატარში საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს. ესპანური მედიის ინფორმაციით, სამი კვირის წინ კატარში ერთმანეთს შეხვდნენ ვენესუელის პარლამენტის სპიკერი ხორხე როდრიგესი და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ხუან გონსალესი.

მოლაპარაკებები მედიატორებისა და მესამე მხარის გარეშე ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა კომუნიკაციის პირდაპირი არხის დასამყარებლად გაიმართა. როგორც მედია წერს, შეხვედრაზე ისაუბრეს პატიმრების გათავისუფლებაზე და ვენესუელაში პოლიტიკური ცხოვრების ნორმალიზების აუცილებლობაზე.

კარაკასი ითხოვს ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს მოკავშირე კოლუმბიელი ბიზნესმენის, ალექს სააბის გათავისუფლებას, რომელსაც აშშ-ში ასამართლებენ ფულის გათეთრებისა და კორუფციის ბრალდებით და რომელსაც ვენესუელის მთავრობა ვენესუელელ დიპლომატად მიიჩნევს.

კარაკასმა ასევე დაადანაშაულა ბაიდენი საზღვარგარეთ გაყინული ვენესუელის თანხების ბლოკირებაში, როგორც ეს შეთანხმებული იყო მექსიკაში ოპოზიციასთან გასული წლის ბოლოს. ეს თანხებია სამიდან ხუთ მილიარდ დოლარამდე.

მედია ასევე იუწყება, რომ საფრანგეთისა და კოლუმბიის პრეზიდენტებმა, ემანუელ მაკრონმა და გუსტავო პეტრომ სთხოვეს ვენესუელის ლიდერს, ნიკოლას მადუროს არჩევნების თარიღის დანიშვნა პოზიციების დაახლოების მიზნით, მაგრამ მან ეს არ გააკეთა და როგორც ჩანს, ამას არ გააკეთებს მოკლევადიან პერიოდში. პარალელურად, ვაშინგტონმა ნავთობკომპანია „შევრონს“ ვენესუელაში ოპერირების ლიცენზია მიანიჭა. მადურო სანქციების სრულ მოხსნას ითხოვს.