ესპანური მედიის ცნობით, საეჭვო პაკეტები პრემიერ-მინისტრის ოფისმა და თავდაცვის სამინისტრომაც მიიღეს
ესპანური მედიის ცნობით, საეჭვო პაკეტები პრემიერ-მინისტრის ოფისმა და თავდაცვის სამინისტრომაც მიიღეს

ესპანური მედიის ცნობით, საეჭვო პაკეტები მიიღეს პრემიერ-მინისტრის ოფისმა და თავდაცვის სამინისტრომ.

ესპანური გამოცემის, „ელ მუნდოს“ ცნობით, ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ სასამართლოს შეატყობინა, რომ ჯერ კიდევ 24 ნოემბერს აღმოაჩინა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილი ამანათი, რომელშიც პიროტექნიკა იდო. ამ პაკეტს პრემიერ-მინისტრის ოფისის უსაფრთხოების სამსახურმა წერილების, ამანათების შემოწმების დროს მიაკვლია და გააუვნებელყო.

ამასთან, ესპანური მედია წერს, რომ საეჭვო წერილი დღეს მიიღეს თავდაცვის სამინისტროშიც. ის გახსნის შემდეგ აალდა. მათივე ცნობით, წერილი ქვეყნის თავდაცვის უწყებაში ესპანეთიდან იყო გაგზავნილი.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ საეჭვო ამანათი იპოვეს ესპანეთის დედაქალაქის სიახლოვეს მდებარე საავიაციო ბაზაზე. ესპანური მედიის ცნობით, სამხედრო ობიექტზე მიღებული ამანათი შემადგენლობით იმის მსგავსია, რაც გუშინ ესპანეთში უკრაინის საელჩოსა და სარაგოსაში მდებარე იმ კომპანიაში მიიღეს, რომელიც სარაკეტო დანადგარებს აწვდის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. 30 ნოემბერს უკრაინის საელჩოში მიღებული ამანათი აფეთქდა და ერთი ადამიანი დაშავდა.