ესპანური მედიის ცნობით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა, ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით 60%-ით მეტი იყოს
ესპანური მედიის ცნობით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა, ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით 60%-ით მეტი იყოს

ესპანური მედიის ცნობით, კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა, ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით 60%-ით მეტი იყოს.„როიტერის“ ინფორმაციით, გამოცემა „ელ პაისი“ წერს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ აღრიცხა მხოლოდ ის გარდაცვლილები, რომელთაც კოვიდინფექცია დაუდასტურდა, ხოლო ისინი, ვისაც ინფექციის ნიშნები ჰქონდა, სტატისტიკურ მონაცემებში არ შეუტანიათ.

„ელ პაისის“ ცნობით, პანდემიის ადრეულ პერიოდში ტესტირებაში არსებული ხარვეზები ნიშნავს, რომ „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა, მეტი იყოს.

გამოცემამ საკუთარი კვლევა ჩაატარა. ჟურნალისტებმა შეაგროვეს მონაცემები ესპანეთის 17 პროვინციიდან და დაადგინეს, რომ კორონავირუსს სავარაუდოდ 44 868 ადამიანი ემსხვერპლა. ოფიციალურად კი ესპანეთში კოვიდინფექციის შედეგად 28 432 პაციენტია დაღუპული.

ყველაზე დიდი სხვაობა ოფიციალურ მონაცემებსა და ესპანური გამოცემის კვლევის შედეგებს შორის აღმოჩნდა ოთხ რეგიონში – მადრიდში, კატალონიაში, კასტილია-ლა-მანშში, კასტილიასა და ლეონში. ამ რეგიონებში კოვიდინფექციით გარდაცვლილთა უმეტესობა მოხუცთა სახლების მცხოვრებლები იყვნენ.