ესპანური მედიის ცნობით, გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის გუნდში გადადის #1TVSPORT
Lavozdelpuchades-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების კანდიდატისა და თბილისის „ლოკომოტივის“ კიპერის აყვანა „ვალენსიამ“ გადაწყვიტა.
წერილში „ქართველი მეკარე „მესტალიას“ კარიბჭესთან“ ვკითხულობთ:
„ვალენსია“ უკვე აკვირდება სატრანსფერო ბაზარს და მომავალი სეზონისთვის გაძლიერებას ცდილობს. ერთ-ერთი პოზიცია, რომლის გაძლიერებასაც კლუბი აპირებს, მეკარეა. როგორც ჩანს, არც უნაი ეჩებერია და არც ემილიო ბერნადი არ აპირებენ სათადარიგოებში ყოფნას, რის გამოც „ვალენსია“ უკვე ბაზარზე მათ გარეკლამებას ცდილობს. გარდა ამისა, ჩარლი პერესს ჟუვენილ A-დან დაწინაურების გარდა, „ვალენსიის“ შვილობილმა კომპანიამ მიაღწია შეთანხმებას „ დინამო თბილისის“ 20 წლის მეკარის (დაბადებულია 2000 წლის 29 სექტემბერს) გიორგი მამარდაშვილის ჩამოსვლაზე, რომელიც იჯარით თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობს“, – წერს lavozdelpuchades.
გამოცემა შეთანხმების დეტალებზეც წერს: „მამარდაშვილმა 2020 წელს ამ გუნდთან ერთად ევროპის ლიგაზე ითამაშა. ის საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრია, მარტში ეროვნულ გუნდში ივარჯიშა. მამარდაშვილი ასევე ერთ-ერთია იმ 50 ტალანტიდან, რომელსაც 2021 წელს უნდა დავაკვირდეთ. მაღალი (196 სმ) მეკარე „ვალენსიაში“ ზაფხულში იჯარით ჩამოვა, მაგრამ შეთანხმებით მისი ტრანსფერის გამოსყიდვა სავალდებულო არ იქნება. თუმცა, ეს გუნდმა თუ გადაწყვიტა, დაახლოებით მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. გარდა ამისა, ის დამხმარე გუნდთან ერთად პირველ გუნდშიც ივარჯიშებს, სადაც მესამე მეკარე იქნება“.