ესპანური მედია - ნეგრეირას საქმესთან დაკავშირებით, შესაძლოა, „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგაზე არ დაუშვან #1TVSPORT
ნეგრეირას საქმესთან დაკავშირებული სკანდალი „ბარსელონასთვის“ სულ უფრო სახიფათო ხასიათს იღებს.
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა As-ი წერს, რომ კორუფციული გარიგების გამო კატალონიური გრანდი, შესაძლოა, ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირიდან, ჩემპიონთა ლიგიდან მოხსნან.
შეგახსენებთ, რომ ბარსელონას საგამომძიებლო სასამართლოს თავმჯდომარემ, ხოაკინ აგირემ დანაშაულად სცნო ესპანეთის ტექნიკური სამსაჯო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტისთვის საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ მიერ 7.5 მილიონი ევროს გადახდა.
მექრთამეობაში დასდეს ბრალი თავად ხოსე მარია ენრიკე ნეგრეირას, ქრთამის მიცემაში კი – კატალონური კლუბის ყოფილ პრეზიდენტებს, ბარტომეუსა და როსელს.
ესპანეთის ჩემპიონატში „ბარსელონა“ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო მატჩი კი კატალონიელებმა „ანტვერპენთან“ გამართეს და 5:0 გაიმარჯვეს.